ახალი ამბები

მარგველაშვილი ნატოს გაფართოების შესახებ განცხადების გამო რუსეთს აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისი რუსი კოლეგა, ვლადიმირ პუტინი 19 ივლისს გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც, ნატოს გაფართოება საქართველოსა და უკრაინისკენ რუსეთის ფედერაციას „პირდაპირ საფრთხეს“ უქმნის.

მოსკოვში ელჩებთან შეხვედრაზე საუბრისას, ვლადიმირ პუტინმა ისინი გააფრთხილა, რომ კრემლი „აგრესიულ ნაბიჯებს“ სათანადო პასუხს გასცემს და „ახალი, პოზიტიური დღის წესრიგის შექმნისკენ“ მოუწოდა, რომლის მიზანიც თანამშრომლობა და საერთო ნიადაგის გამოძებნა იქნება.

19 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან „ემსახურება უსაფრთხოებას რეგიონში და ხელს უწყობს სტაბილურობას თავად რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრებთან“.

მან ასევე განაცხადა, რომ „პოზიტიური დღის წესრიგისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება და ლტოლვილთა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში“.

„ჩვენი არაერთი შეთავაზებაც რუსეთის ფედერაციისადმი მიზნად ისახავს არსებული კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლას თანამშრომლობის სივრცით. მაგრამ ნდობის აღდგენა შეუძლებელია მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევითა და სუვერენიტეტის შელახვით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ბურთი რუსეთის მოედანზეა, აცხადებენ დიპლომატები

19 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – თან ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოსთან „მეზობლური ურთიერთობების სრულმასშტაბიანი აღდგენით“ და რომ „პროგრესი ურთიერთობების ნორმალიზებაში მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალობაზეა დამოკიდებული“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ზახაროვას 20 ივლისის განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ თუ მოსკოვს რელურად სურს დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგება, მას ამის გაკეთებას არავინ უშლის.

„ნაცვლად ჩვეულ სტილში სხვების დადანაშაულებისა, თვითკრიტიკულად გაიაზროს ვითარება და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო“, – განაცხადა აბაშიძემ და მოსკოვს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან საკუთარი სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდა.

„სწორედ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა არის ის, რითაც რუსეთი დაანახებს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოსთან ურთიერთობების სრულფასოვანი მოწესრიგების მზაობას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ანალოგიური განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, თბილისი კონსტრუქციულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან სიტუაციის დეესკალაციისთვის, მაგრამ „სამწუხაროდ, პოლიტიკური მოწესრიგების კუთხით არ ყოფილა პროგრესი“.

„სრულფასოვანი ურთიერთობები გადის იმ წითელ ხაზზე, რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ამიტომ ყველა, მათ შორის, რუსეთის ფედერაცია, ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და იმ ძირითად პრინციპს, რომელიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button