ახალი ამბები

გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩია

მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“, რომელიც ათ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს და რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელმძღვანელობს, პრეზიდენტობის კანდიდატად საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წარადგინა.

ვაშაძის კანდიდატურის წარდგენა 17 ივლისს ქუთაისში ბაგრატის ტაძრის წინ, ღია ცის ქვეშ გაიმართა.

პრეზიდენტობის კანდიდატი პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა და საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ წარადგინეს, რისი მიზანიც, სავარაუდოდ, იმის ხაზგასმა იყო, რომ კანდიდატი არცერთ პარტიას არ მიეკუთვნება.

თავის სიტყვაში გრიგოლ ვაშაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს „ეროვნული მიზანი იყო, არის და იქნება, განვაახლოთ სახელმწიფოს მსვლელობა სწრაფი ეკონომიკური განვითარების გზით ნამდვილი პროგრესის, რეალური თანასწორობის და სამართლიანობის გზით“.

ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ ათი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება, რომ მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ გაერთიანებულიყო, არის „პირველი ნაბიჯი ეროვნული კონსენსუსისკენ“.

„ყველამ ვიცით, ვინ ახრჩობდა ოპოზიციას თითქმის ექვსი წელი, მაგრამ ის რომ ექვსი წელი გავატარეთ მოხრჩობილ მდგომარეობაში, ეს უკვე ჩვენი ბრალია, ჩვენი უინიციატივობის, ჩვენი ფობიების, ხალხთან გაწყვეტილი კავშირის გამო და რაც მთავარია ერთმანეთის უნდობლობის გამო“, – აღნიშნა მან.

„მთავარ ეროვნულ მიზანს ვერ მივაღწევთ, თუ არ ვიბრძოლებთ არა ხმებისთვის, არამედ ყოველი ამომრჩევლის გააზრებული არჩევნისთვის და განსაკუთრებით, ქართული ოცნების რიგითი წევრებითვის … იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ჩვენზე კარგად ხედავენ ქართული ოცნების მიერ შეკოწიწებული მთავრობის და საერთოდ ხელისუფლების უმოქმედობას, უუნარობას და უვიცობას“, – დასძინა მან.

მან „არაფორმალური მმართველობის, კორუმპირებული მთავრობის, მონურად მორჩილი პარლამენტის და უსამართლო სასამართლოს“ გამო ქართული ოცნებაც გააკრიტიკადა განაცხადა, რომ „ჩვენ ამ [საპრეზიდენტო] არჩევნებს მოვიგებთ, რომ ჩავატაროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ყოველგვარ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და მორალურ უფლებას მოკლებული პარლამენტარები და ხელისუფლება გავისტუმროთ პენსიაზე“.

გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრია, 2017 წელს ქუთაისის მერის არჩევნებში იყრიდა კენჭს, სადაც ხმების 27.04% მიიღო და ქართული ოცნების კანდიდატთან, რომელმაც ხმების 48.66% მოაგროვა, არჩევნები წააგო. ქუთაისი ერთ-ერთი იმ ექვსი მუნიციპალიტეტთაგანი იყო, სადაც მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატი გადავიდა. თუმცა, ნაციონალურმა მოძრაობამ მეორე ტურში მონაწილეობა აღარ მიიღო და ამის მიზეზად არჩევნების მასობრივი გაყალბება, შანტაჟი და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება დაასახელა.

პარტია ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომელიც სიტყვით საპრეზიდენტო კანდიდატის შემდეგ გამოვიდა, აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძე იქნება „თითოეული საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი“.

„დღეს არის დიდი გამარჯვების დღე. გამარჯვებაა იმიტომ, რომ ასეთი განსხვავებული ადამიანები დგანან ერთად, გამარჯვებაა იმიტომ, რომ ამდენი განსხვავებული ღირებულებების და ხედვების პოლიტიკური პარტიები დგანან ერთად, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა იმიტომ, რომ ჩვენ საერთო იდეა გვაერთიანებს – ჩვენ გვინდა ძლიერი, თავისუფალი საქართველო, რომელიც იქნება მომავალში აუცილებლად მსოფლიო ლიდერთა შორის“, – განაცხადა ვაშაძემ.

მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ცხრა არასაპარლამენტო ოპოზიციურნ პარტიას აერთიანებს, მათ შორის არიან: ახალი საქართველოსთვის, ემსახურე საქართველოს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სახელმწიფო ხალხისთვის, ქრისტიან-კონსერვატიული პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, ახალი საქართველო, საქართველო ლიდერთა შორის და საქართველოს ევროპელი დემოკრატები.

რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა უკვე განაცხადა, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს. მათ შორის არიან: ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე და ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია თავის საპრეზიდენტო კანდიდატს ზაფხულის ბოლოს დაასახელებს. რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს, იყრის, თუ არა კენჭს მეორე ვადით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას გიორგი მარგველაშვილს ჯერ არ მიუღია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button