Placeholder canvas
ახალი ამბები

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი – თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.

17 ივლისს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე ოპოზიციის მიერ არმაზ ახვლედიანის დასახელება დადებითად შეაფასა და განმარტა, რომ სწორედ „კონკურენტული პოლიტიკური გარემო არის წინაპირობა ქვეყნის დემოკრატიული ფუნქციონირების“. თუმცა, მისივე თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, როდესაც თორნიკე რიჟვაძეს „წარმოადგენს, პარტია, რომელიც უმრავლესობას ფლობს აჭარის უმაღლეს საბჭოში, მის წარდგენას გააჩნია თავისი ლოგიკა“. „ამიტომ შევარჩიე ბატონი რიჟვაძის კანდიდატურა“, – დასძინა პრეზიდენტმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს თანამდებობა დატოვა, რასაც რეგიონის მთავრობის გადადგომა და ახალი მთავრობის ფორმირების პროცედურები მოჰყვა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს დაასახელა. პრეზიდენტს გოჩა გუგუნავას სახით საკუთარი კანდიდატურა შესთავაზეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმაც. 15 ივლისს აჭარის მთავრობის თავჯდომარეობის კანდიდატად ქართული ოცნების ყოფილი აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი დაასახელეს ოპოზიციურმა პარტიებმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შედეგად შერჩეულ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს და მის  მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს წარუდგენს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ერთიანად ეყრება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის (21) უმრავლესობა დაუჭერს.

ქართულ ოცნებას 21 წევრიან უმაღლეს საბჭოში 14 დეპუტატი ჰყავს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 4, ხოლო პატრიოტთა ალიანსს, ევროპულ საქართველოს და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას თითო დეპუტატი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button