ახალი ამბები

პროკურატურა სმიტების ოჯახის მკვლელობის გარემოებების დეტალებს ამხელს

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 1998 წელს დაბადებულ მალხაზ კობაურს, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში ამერიკელი წყვილის და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა გუშინდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ კობაური, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, მწყემსია, ხადას ხეობაში მდებარე სოფელ წკერეში დაბანაკებულ სმიტებს, სოფლის მახლობლად მდებარე ჩანჩქერთან მისვლაში დაეხმარა.

ყაზარაშვილის თქმით, ეჭვმიტანილმა რაიან სმიტი მას შემდეგ მოკლა, რაც მან კობაურს უსაყვედურა, რომ სანადირო თოფის „დაუდევარი მოპყრობით“, შესაძლოა, მის ვაჟს ზიანი მისდგომოდა. „პირველად მალხაზ კობაურმა რაიან სმიტს ესროლა, შემდგომ მის არასრულწლოვან შვილს და ამის შემდეგ, ცდილობს რაიან სმიტის მეუღლეზე იერიშის მიტანას, თუმცა ეს ადამიანი გაიქცა და გადავარდა კლდეებში“, – განაცხადა პროკურორმა კობაურის ჩვენებაზე დაყრდნობით.

რაიან, ლორა და ქალებ სმიტების გვამები დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წკერეს მახლობლად იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, რაიან და ქალებ სმიტები სანადირო თოფით მამასა და ეჭვმიტანილს შორის „სიტყვიერი შელაპარაკების“ შემდეგ მოკლეს, ხოლო ლორა სმიტი, შსს-ს ინფორმაციით, გაქცევისას, კლდეზე გადაიჩეხა.

შსს-ს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ 10 ივლისს განაცხადა, რომ პოლიციას ის ადგილები, სადაც მან სანადირო თოფი დამალა და ბავშვის გვამი დამარხა, თავად ეჭვმიტანილმა აჩვენა.

ჭელიძემ განმარტა, რომ თავდაპირველად, პოლიციამ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო, რადგანაც ლორა სმიტის გვამს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო რაიან სმიტის გვამი, რომელიც რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, მდინარეში იპოვეს, დასვრილი იყო და ზედაპირული დათვალიერებით, ცეცხლნასროლი ჭრილობები არ აღენიშნებოდა.

„სანამ არ მოხდა მისი დეტალური დათვალიერება, ვიზუალურად ჩანდა, თითქოს ეს იყო უბედური შემთხვევა როგორც ქალბატონის შემთხვევაში… თუმცა, როდესაც გადმოვასვენეთ ცხედრები [თბილისში] და მოვახდინეთ დეტალური კვლევა, მყისვე მოვახდინეთ რეაგირება და საქმეს შევუცვალეთ კვალიფიკაცია [განზრახ მკვლელობის მუხლით]“, – განაცხადა მან.

ჭელიძემ ასევე განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. „ფაქტის სიმძიმიდან გამომდინარე, გამოძიებას აქვს ლოგიკური ეჭვი, რამდენად შერაცხადია ის“, – განაცხადა მან.

კობაურმა, რომელიც ახალგორიდან დევნილთა წილკნის დასახლებაში ცხოვრობს, თავდაპირველად მკვლელობა აღიარა, თუმცა გუშინდელ სასამართლოზე დანაშაულში მისი რაიმე მონაწილეობა უარყო. მისი თქმით, სმიტების ოჯახი ორმა სხვა მამაკაცმა მოკლა, რომლებიც, სავარაუდოდ, კობაურს მისი ოჯახის წევრების მოკვლით დაემუქრნენ და დანაშაულის საკუთარ თავზე აღება აიძულეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button