Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც 2-5 ივლისს, მის ახალ რანგში, პირველი სამუშაო ვიზიტით გერმანიას სტუმრობს, დღეს მის გერმანელ კოლეგას, ჰაიკო მაასს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები განიხილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰაიკო მაასი მიესალმა ქვეყნის წვლილს ნატოს ავღანეთის მისიაში და აღნიშნა, რომ საქართველოს დასწრება ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 11-12 ივლისს ჩატარდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია.

საქართველოს საგარეო უწყების თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში და რომ მისი ტერიტორიული მთლიანობა გერმანიისთვის „ვაჭრობის საგანი“ არ არის. მაასი მიესალმა საქართველოს უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან და აღნიშნა, რომ საქართველო რეფორმების თვალსაზრისით, რეგიონული ლიდერია.

ზალკალიანმა მის გერმანელ კოლეგას ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, როგორც ეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაშია გაცხადებული. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობამ უვიზო რეჟიმიდან დიდი სარგებელი მიიღო და რომ ევროპაში მოგზაურობის თაობაზე რეგულაციების დარღვევების თავიდან ასაცილებლად სათანადო ნაბიჯები გადაიდგმება.

საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარის როლს.

ბერლინში ვიზიტის დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში იან ჰეკერს, ასევე რუსეთთან, ცენტრალურ აზიასთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებრივი თანამშრომლობის ფედერალური მთავრობის კოორდინატორს დირკ ვიზეს.

ის ასევე შეხვდება გერმანელ დეპუტატებს, მათ შორის, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვოლფგანგ ჰელმიხს და საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნორბერტ როეტგენს.

ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი, გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან მიჰაილ როთთან ერთად, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაშიც მიიღებს მონაწილეობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button