Placeholder canvas
ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ და ამერიკელმა დეპუტატებმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება განიხილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც 26-28 ივნისს ამერიკის შერთებულ შტატებს სტუმრობს, ამერიკელ კონგრესმენებს და სენატორებს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობა განიხილა.

პარლამენტის თავმჯდომარე, მის ლიტველ, მოლდოველ, პოლონელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად, გუშინ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს პოლ რაიანს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ხუთი ქვეყნისთვის აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილეს.

27 ივნისს კობახიძე იმ ორპარტიული წერილის ავტორებს პიტერ როსკამს და დევიდ პრაისსაც შეხვდა, რომელიც აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.

„გარდა იმ შესაძლო ეკონომიკური სარგებლისა, რომელსაც ამერიკელი მუშები და ბიზნეს კომპანიები სავაჭრო შეთანხმებიდან მიიღებენ, ჩვენ ორ ქვეყანას შორის უფრო ღრმა ეკონომიკური ინტეგრაცია კიდევ უფრო გააფართოებს აშშ-ის დაინტერესებას რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართ“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 28 კანონმდებელი აწერს.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში, კონგრესმენმა როსკამმა აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას საქართველოს და აშშ-ს შორის გაზრდილი ეკონომიკური გაცვლები და „უფრო ძლიერი პოლიტიკური და სტრატეგიული კავშირი“ მოყვება.

ვიზიტის ფარგლებში, კობახიძე სენატორებს კორი გარდნერს და რონ ჯონსონს, ასევე კონგრესმენ ტედ პოს და ჯერალდ კონოლის შეხვდა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ, საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „ძალისმიერ და უკანონო დაპყრობას“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზეც გამოვიდა, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება მიმოიხილა და ხუთი ქვეყნის – საქართველოს, ლიტვის, მოლდოვას, პოლონეთისა და უკრაინის საერთო მიზნებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

28 ივნისს კობახიძე მის მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვეს მიტჩელსაც შეხვდება.

აშშ-საქართველოს წუხილები ვაჭრობის სფეროში

ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის შეთანხმებაზე კონგრესმენების წერილამდე რამდენიმე დღით ადრე, კონგრესმენმა პიტ სეშენსმა წუხილები გამოთქვა ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში არსებულ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება „რიგ აგრესიულ და არასახარბიელო ქმედებებს ახორციელებს საქართველოში მოქმედი ამერიკული კომპანიების მიმართ“.

„ბოლო წლის განმავლობაში, მივიღე ინფორმაცია ამერიკული და ევროპული კომპანიების მიმართ არასათანადო მოპყრობის და შევიწროების თაობაზე“, – განაცხადა სეშენსმა და დასძინა, რომ „ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია რუსული, ირანული და ჩინური კომპანიების მიმართ ხელსაყრელი მიდგომისა“. „მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის გამაფრთხილებელი სიგნალი, რასაც ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ“, – განაცხადა მან.

კონგრესმენმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაადასტუროს, რომ სამართლიანი და დემოკრატიული საბაზრო ეკონომიკის საერთო პრინციპებისა და უაღრესად მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული რჩება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button