Placeholder canvas
ახალი ამბები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა შეწყდა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღევანდელი შეხვედრა შეწყდა, რუსეთისა და აფხაზეთის მონაწილეებმა შეხვედრა საქართველოს წარმომადგენლებთან უთანხმოების გამო დატოვეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დღის წესრიგის მთავარი საკითხი გიგა ოთხოზორიას საქმე უნდა ყოფილიყო, რომლის მკვლელი – რაშიდ კანჯი ოღლი ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაშია შეყვანილი.

ანთაძემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის და სოხუმის წარმომადგენლებმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის პოლიტიზებას შეეცადნენ და „შანტაჟის და ულტიმატუმის“ გზით, საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვეს.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა, რომ შეხვედრა ხანმოკლე იყო და განხილვის დასრულება ვერ მოხერხდა, რადგან „ზოგიერთმა მონაწილემ შეხვედრის გაგრძელების საფუძველი ვერ დაინახა“.

რუსეთის და სოხუმის პროტესტს ერთი დღით ადრე წინ საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 მსჯავრდებული და ბრალდებული პირის შეყვანა უძღოდა, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 1991 წლიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მძიმე დანაშაულების ჩადენაში არიან მხილებულნი.

სოხუმის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება გუშინ დაგმო და საქართველოს ხელისუფლების „უკიდურესად დესტრუქციული ქმედებების“ გამო შეშფოთება გამოხატა, რასაც, შესაძლოა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მუშაობის შეფერხება მოყვეს.

თბილისის გადაწყვეტილება ცხინვალის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სია „სამხრეთ ოსეთის დისკრედიტაციას და მისი მოქალაქეების უფლებების შელახვას“ ისახავს მიზნად.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა და ის საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების, ასევე ადგილზე მყოფი რუსი მესაზღვრეების ჩართულობით, ორ რეგიონში უსაფრთოხების საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button