Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

მთავრობა გადადგა, ახალ მთავრობას პარტიის ლიდერი უხელმძღვანელებს

(ერთობა N130, 26 ივნისი 1918) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ ნოე რამიშვილის მეთაურობით 24 ივნისს გადადგომის ქაღალდი წარუდგინა ეროვნულ საბჭოს. საბჭომ შეიწყნარა მთავრობის თხოვნა და იმავე დღეს დადგენილება გამოიტანა: მიენდოს მთავრობის შედგენა ნოე ჟორდანიას და ეს უკანასკნელი საგანგებო უფლებებით იქნას აღჭურვილი. ჟორდანიამ წინადადება მიიღო და მთავრობის შედგენას შეუდგა.

ეროვნულ საბჭოს ძველმა მთავრობამ შემდეგი განცხადებით მიმართა: “პირველ მთავრობას დაეკისრა მეტად მძიმე მოვალეობა მოსპოს ჩვენს სახელმწიფო ფარგლებში ანარქია და ღადგინოს სრული წესიერება რევოლიუციის მოპოვებათა განსამტკიცებლად. ამ მოვალეობის ასასრულებლად ჩვენ საჭიროთ მიგვაჩნია მთავრობის გარშემო ყველა საზოგადოებრივ და რევოლიუციონერ რეალურ ძალთა გაერთიანება, რომ პარლამენტს საშვალება მიეცეს ეს მიზანი დაჩქარებით განახორციელოს, მთავრობამ დაადგინა სამსახურიდან გადადგეს.”

უნდა ითქვას, საქართველოს მთავრობამ ნოე რამიშვილის მეთაურობით სულ რაღაც ერთი კვირის წინ წარუდგინა ეროვნულ საბჭოს დეკლარაცია და ამ უკანასკნელმა მთავრობის სამოქმედო გეგმა მოიწონა. ირაკლი წერეთლის, დემოკრატიულ ფრაქციის სახელით გაკეთებული განცხადებით, “ამის შემდეგ ეს ნდობა არ შერყეულა”, თუმცა მისი სიტყვებით, ძლიერი მთავრობის შექმნა მოითხოვს პარტიული ორგანოების მიერ სამთავრობო ფუნქციების დუბლირების შეწყვეტას, რათა აღიკვეთოს ანარქია და დამყარდეს წესრიგი.

წერეთლის თქმით, ეროვნული საბჭო არაა სრულფასოვანი პარლამენტი. სანამ ასეთი აირჩეოდეს “საბჭომ უნდა შემოიკრიბოს თავის გარშემო ყველა საზოგადოებრივი ძალები და იმუშაოს საქართველოს სუვერენიტეტის განსამტკიცებლად.” მისი თქმით, საჭიროა “მოვძებნოთ ისეთი პირი, რომელიც ნამდვილი გამომხატველია ჩვენი დემოკრატიის სურვილების, ასეთი პირი, რომელიც ნდობით აღჭურვილია ყველა პარტიებისაგან არის ნოე ჟორდანია.”

წინადადებას მხარი დაუჭირეს სოციალ-ფედერალისტებმა, სოციალ-რევოლუციონერებმა და “ალიონის” ფრაქციამ. ეროვნულ-დემოკრატების აზრით “მთავრობის კრიზისი არ არის გამოწვეული პარლამენტში ძალთა განწყობილებით და ამ რიგათ მთავრობის შედგენა არ შეესაბამება სახელმწიფოებრივ საფუძვლებს და ნორმებს”. მათ თავი შეიკავეს კენჭისყრისას.

კენჭსყრის შემდეგ, დამსწრეებმა ოვაცია გაუმართეს ნოე ჟორდანიას, რომელმაც გამოსვლაში განაცხადა:

  • “მთავრობის ცვლილება არ არის პოლიტიკური ხასიათის.” მინისტრები ადგილზე დარჩებიან, მათი ამხანაგები [მოადგილეები] შეიცვლებიან.
  • “ახალი კაბინეტი იქნება ორგანო ძალთა კონცენტრაციის, შეერთების. ჩვენ გვაქვს ერთი პარლამენტი და უნდა გვქონდეს ერთი აღმასრულებელი ორგანოც.”
  • მთავრობა “უნდა იყოს მარტივი და მასთან სწრაფი, არც ნამეტანი სიჩქარე ვარგა, მაგრამ არც დაგვიანებაა სასურველი”
  • მთავარ პრობლემად დაისახა სოფლის ცხოვრების მოწყობაში დაგვიანებები, რამაც ანარქია მოიტანა. “ქალაქებმა…სადაც კულტურული და პოლიტიკული ცენტრები იყო, შესძლეს თავისი მართვა-გამგეობის მოწყობა, აგრეთვე იმ სოფლებმაც, სადაც კულტურული ძელები იყო და ქალაქების ახლოს მდებარეობდნენ, თავს უშველეს, მოაწყვეს მართვა-გამგეობის საქმეები”. სხვაგან – ანარქიაა.

საპროგრამო წინადადებები:

  1. აგრაგული კანონი უნდა დაიხვეწოს, “ის ცალმხრივია: აღნიშნულია ვის რამდენი ჩამოერთვას და რამდენი დაურჩეს; მაგრამ ვის მიეცეს – გლეხებს თუ სახელმწიფოს, ამის შესახებ უნდა გამოიცეს კანონი.”
  2. “საჭიროა დაუყოვენებლივ სასამართლოების შექმნა” – “კულტურულ სოფლებმა მოაწყვეს რევოლიუციონური სასამართლოები. იქ კი სადაც შეუგნებელი გლეხობა იყო, გლეხმა აიღო თოფი ხელში”
  3. “უნდა შემოღებულ იქნას ერობა”, ამგვარად “ჩვენ გამოვაცლით ნიადაგს ანარქიას.”
  4. “ჩვენ მიგვაჩნია პირველ საჭიროთ შევქმნათ იძულებითი კანონი” – კანონის აღსრულების გარეშე, ანარქია ვერ დამარცხდება.
  5.  სახალხო გვარდია მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებისას უნდა გამოვიდეს. ის მუშებისაგან შედგება და მისი მუდმივად მობილიზება შეაფერხებს მრეწველობას, მუშაობას.” “საჭიროა შევქმნათ მუდმივი ჯარი და გვარდია გავუშვათ სამუშაოთ.”
Back to top button