Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლებამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირი შეიყვანა

საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 მსჯავრდებული და ბრალდებული პირი შეიყვანა, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 1991 წლიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მძიმე დანაშაულების ჩადენაში არიან მხილებულნი.

მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით მომზადდა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, ახალი მთავრობის პირველ სხდომამდე ცოტა ხნით ადრე წარადგინა.

„პირველი, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება ჩვენთვის ძალიან მტკივნეულ და პრინციპულ საკითხს, შეიძლება ითქვას, ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის ღირსების საკითხს“, – განაცხადა ბახტაძემ.

შემდეგ მან აღნიშნა, რომ სიაში 33 პირია შეყვანილი, რომლებიც მხილებულნი არიან „ისეთ უმძიმეს დანაშაულებში, როგორიცაა მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულთა დაფარვა“. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა სიაში შემავალ პირთა ვინაობა არ დააკონკრეტა.

„წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცველი უწყებები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ გამოძიებას და ეს სია, ბუნებრივია, შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს“, – განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ ყველა ის ღონისძიება განსაზღვრა, რომელიც სიაში შემავალი პირების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ უნდა გატარდეს.

„ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ჰქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა და მის ამოქმედებას რეალური შედეგები მოყვეს“, – განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს პარლამენტმა „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ რეზოლუცია 21 მარტს მიიღო, რასაც წინ ცხინვალის რეგიონში გაურკვეველ გარემოებებში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება უძღოდა.

რეზოლუცია, სხვა საკითხებთან ერთად, საერთაშორისო თანამეგობრობას და პარტნიორ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ სიაში შეყვანილ პირთა მიმართ სანქციები, მათ შორის, სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვები დააწესონ და ხელი შეუწყონ სამართლის აღსრულებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button