Placeholder canvas
ახალი ამბები

მინდელის შახტში ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგები ცნობილია

ტყიბულის შახტში უკრაინელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგების მიხედვით, 2018 წლის 5 აპრილს, მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი, რომლის დროსაც ექვსი მაღაროელი გარდაიცვალა და სამი დაშავდა, არა იმდენად სამთო დარტყმა ან სხვა ბუნებრივი მოვლენა, არამედ უფრო „ადამიანური გადაცდომებია“.

კვლევის შედეგები მედიას პროფკავშრების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა დღეს გააცნო. მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზების შესწავლის მიზნით, მისი ინიციატივითა და მოწვევით, უკრაინელი ექსპერტების მიერ კვლევა მიმდინარე წლის 23-26 აპრილის პერიოდში ჩატარდა. 

კვლევის მიხედვით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, გამოვლინდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის რიგი შემთხვევები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან „ადამიანის სიცოცხლეს ან ავარიის გამოწვევა შეუძლიათ“.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნახშირმომპოვებელ უბანზე, სამუშაოების შესასრულებლად, ავარიამდე ცვლაში მომუშავეებზე გაიცა ასაფეთქებელი მასალები. ავარიის შემდეგ, ადგილის შემოწმების შედეგად კი, ასაფეთქებელი მასალის მხოლოდ მცირე რაოდენობა აღმოაჩინეს, რაც კვლევის ავტორებისთვის იმ ვარაუდის საფუძველია, რომ „საამფეთქებლო“ სამუშაო ნამდვილად შესრულდა. ექსპერტების ვარაუდით, ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, სწორედ „საამფეთქებლო“ სამუშაოების არასწორად შესრულება იყო, რაც გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

კვლევის ავტორების განმარტებით, მოკვლევის პროცესის დასრულების შემდეგ, არსებობს პასუხგაუცემელი შეკითხვებიც, რომელთა საბოლოო დადგენა და მომხდარის ზუსტი მიზეზების გამოკვეთა საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა, რადგან ტექნიკურ და სამედიცინო დასკვნებთან, ასევე ყველა სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან წვდომა სწორედ მათ აქვთ. ექსპერტებს კითხვებს ის ფაქტიც უჩენთ, თუ რატომ იმყოფებოდა აფეთქების დროს ყველა მაღაროელი ერთ ადგილზე, მაშინ, როდესაც ცვლის შეცვლის პერიოდი არ იყო.

კვლევის თანახმად, ასევე მნიშვნელოვანია გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებიც, რათა დადგინდეს „გარდაცვლილებს აღენიშნებათ მხოლოდ მექანიკური დაზიანებები“ თუ იყო „დამწვრობის კვალიც“, რაც მომხდარის სავარაუდო ვერსიების რაოდენობას „საგრძნობლად დაავიწროებს“. მაგალითად, დადგინდება მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი სამთო დარტყმას, რასაც თან გაზის გამოყოფის მომატება ახლავს და დამწვრობას იწვევს. ამასთან, შესაძლებელი გახდება აფეთქების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენაც.

უკრაინელი ექსპერტების რეკომენდაციით, შახტებზე, გარდა აირების ეპიზოდური ინდიკაციის ტექნიკური საშუალებებისა, უნდა არსებობდეს აირების კონცენტრაციის მუდმივ რეჟიმში ინდიკაციის და რეგისტრაციის სტაციონარული სისტემა, ასევე საამფეთქებლო“ და სხვა სამუშაოების წარმოების დისტანციური კონტროლის მექანიზმი. ასევე, მუდმივ რეჟიმში უნდა ხდებოდეს დისპეჩერისა და ცვლის პერსონალის სატელეფონო საუბრების აუდიო ჩაწერა და ა.შ. 

უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში მიმდინარე წლის 5 აპრილს მოხდა. შემთხვევას შახტის ექვსი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო სამი – დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240- მუხლით მიმდინარებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button