ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობაში სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე საუბრობს

საქართველოს მთავრობაში სამინისტროების რაოდენობა თოთხმეტიდან თერთმეტამდე შემცირდება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ 18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, მმართველ პარტიასთან კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

ბახტაძემ, რომელიც ქართულმა ოცნებამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გასულ კვირას მას შემდეგ წარადგინა, რაც გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, საკადრო ცვლილებებიც დააანონსა და განაცხადა, რომ ეს საერთო ჯამში ექვს სამინისტროს შეეხება. თუმცა, მან არ დააკონკრეტა, თუ რომელი მინისტრი დატოვებს თანამდებობას.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, რომ ვინაიდან მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს საკანონმდებლო ცვლილებები ესაჭიროება, მთავრობა პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად არსებული შემადგენლობით წარსდგება, საკანონმდებლო ცვლილებების პროცესის დასრულების შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს.

იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის კენჭისყრა ორჯერ მოუწევს, მან კანონმდებლებს სთხოვა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი დააჩქარონ და დეტალური საპარლამენტო განხილვები მას შემდეგ გამართონ, რაც ის, დაახლოებით, ორი-სამი კვირის ვადაში, მათ მთავრობის საბოლოო შემადგენლობას წარუდგენს.

მისი თქმით, მთავრობის პროგრამა, რომელიც პარლამენტს დღეს წარედგინება, მცირე მთავრობის კონცეფციას ეფუძნება. „ეს თავის თავში გულისხმობს მოქნილ და ეფექტურ ბიუროკრატიასა და შემცირებული მთავრობის ზომას მთლიან ეკონომიკაში“, – განმარტა მან.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა, ბრიფინგის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტი ნდობის გამოცხადებისთვის 20 ივნისს შეიკრიბება.

მან ასევე აღნიშნა, რომ გარდა ფინანსთა (მამუკა ბახტაძე), ეკონომიკის (დიმიტრი ქუმსიშვილი) და საგარეო საქმეთა (მიხეილ ჯანელიძე) მინისტრებისა, რომელთაც მთავრობის საბოლოო შემადგენლობის ფორმირებამდე, მოადგილეები შეცვლიან, მთავრობა პარლამენტს არსებული შემადგენლობით წარედგინება.

ამით კახიანმა დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვირიკაშვილთან დაახლოებული ორი მინისტრი, ქუმსიშვილი და ჯანელიძე, ბახტაძის მთავრობის წევრები აღარ იქნებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button