ახალი ამბები

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე შსს-მ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრუწლოვნის საქმეზე დაწყებული ხელახალი გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით, ორი პირი, მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე დააკავა.

ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირების დაკავება მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილმა „სხვა მტკიცებულებებმა“, ასევე სასამართლო საქმის განხილვისას, ერთ-ერთი მთავარი მოწმის მიერ შეცვლილმა ჩვენებამ და იმ ბრალდებულების ჩვენებებმა განაპირობა, რომლებიც გამოძიების ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებდნენ და პირველი ჩვენება მხოლოდ სასამართლოს ბოლო სხდომაზე მისცეს.

სამინისტროს განცხადებით, მერაბ მორჩაძე სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენას ახდენდა ერთ-ერთ ბრალდებულზე და სასამართლოზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის, მან გარკვეული ფულადი თანხაც გადაიხადა. გარდა ამისა, ის ბრალდებულს „სამართალდამცველ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებასაც დაჰპრიდა.

რაც შეეხება მირზა სუბელიანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის მკვლელობის შემდეგ, ნათესავების, „მკვლელობის საქმის მოწმისა და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში“ იმყოფებოდა, სადაც ასევე იყო მკვლელობაში ერთ-ერთი სხვა ბრალდებულიც, რომლის შესახებ ინფორმაციაც მირზა სუბელიანმა სამართალდამცველ ორგანოებს არ მიაწოდა. 

მირზა სუბელიანის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯარიმით, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით ისჯება. მერაბ მორჩაძის მიმართ კი საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით არის აღძრული.

შსს-ის განცხადება შეაფასა ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ. ის მირზა სუბელიანის დაკავებას მიესალმება, მაგრამ აღნიშნავს, რომ სუბელიანის მხრიდან არ ყოფილა მხოლოდ დანაშაულისა და დამნაშავის დაფარვის მცდელობა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც თუ რა ზემოქმედებას ახდენდა მირზა სუბელიანი საქმეზესარალიძის შეფასებით, მირზა სუბელიანის დაკავება იყო გადმოგდებული საკენკი და ძალიან უმეცარი ნაბიჯი, თითქოს ამით მე გავჩერდები“. 

ზაზა სარალიძეს ისიც აინტერესებს, თუ რატომ არ დაკითხა შსს-მ საქმის მთავარი მოწმე მიხეილ კალანდია და ის პროკურორები, რომლებმაც შეკერეს ეს საქმე. ნუ მეთამაშებიან, ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა მინისტრს“, – განაცხადა მან. 

მირზა სუბელიანი გასული წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე არასრუწლოვნების მკვლელობის დროს, პროკურატურაში მუშაობდა. ის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მიხეილ კალანდიას ბიძაა. მან თანამდებობა მომხდარიდან მალევე დატოვა. საგამოძიებო პროცესში სუბელიანის ჩართულობაზე და საქმის მისი ოჯახის სასარგებლოდ წარმართვის მცდელობაზე, ზაზა სარალიძემ არაერთხელ განაცხადა.

სარალიძემ მერაბ მორჩაძის დაკავებაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ეს მიხეილ კალანდიას მიერ სასამართლოსთვის მიცემული ცრუ ჩვენებების გამართლების მცდელობაა, რომ მიხეილ კალანდიას შეცვლილი ჩვენება, თითქოს ზემოქმედების ქვეშ იყო მიცემული. მისივე თქმით, მორჩაძისა და კიდევ ორი პირის შესახებ ინფორმაცია საქმის პროკურორს ჯერ კიდევ 15 აპრილს ჰქონდა და ეს საქმის ახალი დეტალი არ არის. მერაბ მორჩაძე კალანდიების ოჯახის ახლობელია. ამ ინფორმაციას მისი ადვოკატიც ადასტურებს.

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრიფინგი გამართა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც და ჟურნალისტებს საქმის შესწავლის პირველადი შედეგები გააცნო. ლომჯარიას თქმით, ამ მომენტისთვის უკვე იდენტიფიცირებულია გარკვეული ფაქტები, ასევე გაჩნდა რამდენიმე კითხვაც. მაგალითად:

  • რატომ არ ამოიღო გამოძიებამ ერთ შემთხვევაში, იმ პირის ტანსაცმელი, რომელიც უშუალოდ ჩხუბში მონაწილეობდა, მაშინ, როდესაც სხვა პირთა მიმართ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩხუბში მონაწილე სხვა პირთა მიმართ არის ჩატარებული?
  • მოწმეების დაკითხვის დროს, არ დასმულა ის კითხვები, რაც დააზუსტებდა, ანდა გამოავლენდა აღნიშნული ან სხვა პირების როლს დანაშაულის ჩადენაში;
  • გარკვეული მოწმეები, რომლებსაც, მაღალი ალბათობით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდათ, არ არიან დაკითხულები, ან გამოკითხულები და ა.შ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button