რესპუბლიკა 100რესპუბლიკის ამბები

ზავი შეიკრა: ოსმალეთი ახალციხეს და ახალქალაქს იერთებს

(ერთობა N114, 5 ივნისი, 1918) ბათუმიდან ჩამოვიდა საზავო დელეგაციის წევრი გრ. რცხილაძე, რომელმაც მთავრობას შეატყობინა პირობები, რომლებიც დაედვა საფუძვლათ ოსმალეთსა და საქართველოს რესპუბლიკას შორის შეკრულ ზავს. ოსმალეთი იერთებს მთელ ახალქალაქის მაზრას და ახალციხეს ყველა სოფლებით, გარდა აწყურის და აბასთუმანისა, რომელნიც საქართველოს ტერიტორიაში შედის, ოსმალეთი გერმანიასთან და ჩვენ მთავრობასთან შეთანხმებით სარგებლობს რკინის გზებით ჯარების გადასაყვანათ. ოსმალეთის ჯარები ეხლავე სცლიან ოზურგეთს, სადაც საზღვარი მდ. ჩოლოქზე გადის, ხოლო ახალციხის ჩვენი ჯარი ეხლავე სტოვებს ციხეს და ქალაქს.

გერმანიის როლი

გერმანიის საელჩოში თფილისში არის საზავო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს 3 ივნისის ღამის 11 საათზე საქართველოს და ოსმალეთის წარმომადგენლებმა. გუშინ დილით თფილისის გაზეთების წარმომადგენლები [გერმანიის ელჩმა] გრაფმა შულენბერგმა მიიწვია და აუწყა მათ, რომ საზავო ხელშეკრულება ხელმოწერილია და…მისცა მათ გერმანულ ენაზე ხელშეკრულება, რომელიც რადიოთი იყო მიღებული. ამასთანავე დაუმატა, ჯერჯერობით საჭიროთ არ მიმაჩნია ის დასაბეჭდათ მისცეთო. ჟურნალისტებთან საუბრის დროს, გერმანიის საელჩოს წევრმა არა ერთხელ აღნიშნა, რომ საზავო ხელშეკრულებას ოსმალებმა ხელი მოაწერეს გერმანელების ძალდატანებითო.

გაზეთი ასევე იუწყება ადგილობრივ გერმანულ წყაროებიდან მიღებულ ცნობებით, თბილისში ამ დღეებში ჩამოვა გერმანელთა მნიშვნელოვანი სამხედრო ნაწილი, რომელიც ამჟამად ფოთშია. ამავე წყაროებით მიღებული ცნობების მიხედვით გერმანიაში შეუიარაღებიათ ქართველი სამხედრო ტყვეები, გაუწვრთნიათ და საქართველოში გამოუგზავნიათ.

ზავის წინაპირობები

როგორც ადრევე გაცნობეთ, ოსმალეთმა საქართველოს რესპუბლიკას 27 მაისს გადმოსცა ულტიმატუმი, რითაც ახალციხისა და ახალქალაქის, ასევე რკინიგზის დათმობას ითხოვდნენ. “ერთობის” ცნობით, 2 ივნისს დილიდანვე ოსმალთა რეგულარულმა ჯარმა სოფ. კარწახთან, ახალქალაქიდან სამხრეთ დასავლეთით, გადმოლახა 1877 წლის საზღვრები და ბრძოლით წინ მოიწევს. სომხების ჯარმა ბრძოლის შემდეგ სოფ. სულდისკენ დაიხია, სადაც არტაანის შარა გზაზე გაცხარებული ბრძოლის შესახებ მოდიოდა ცნობები. სომხების ჯარს მიეშველა ჯავახეთის ქართული რაზმი. ოსმალთა ჯარები მოდიან არტილერიით.

ახალციხე დიდი ხანია ბრძოლის ველათ არის გადაქცეული, თითქმის ორი თვე იქნება, რაც ჩვენი რაზმი თავგანწირულათ იბრძვის ახალციხის მიდამოებში ამომწყვდეული.  არ იქნა დროზე ვერ მივაშველეთ ჯარი, რომ დაგვეხსნა ახალციხის რაზმი და მასთან ერთად გადაგვერჩინა მთელი მაზრა.

ახალციხის და ახალქალაქის მაზრებს აქვთ დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა. ახალციხე საკმაოდ ძლერი სიმაგრეა, ის გასაღებია ბორჯომის ხეობის. ვისაც ახალციხე და ახალციხის მაზრა უჭირავს, მას შეძლება აქვს, რამდენიმე საათში ჩავიდეს ბორჯომში და იქიდან ხაშურის შემწეობით რკინის გზას დაეპატრონოს, ხაშურიდან კი რამდენიმე საათის სავალია სურამის მთის გვირაბამდე. ახალციხის მაზრაშია აგრეთვე მშვენიერი სააგარაკო ადგილი აბასთუმანი, საიდანაც მტერს შეუძლია ზეკარის უღელტეხილს დაეპატრონოს და შემდეგ ბაღადით ქუთაისს მიადგეს. ერთის სიტყვით, ახალციხის მაზრის ხელში ჩაგდებით ოსმალეთი მთელი საქართველოს ბედის ბატონი იქნება.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ახალქალაქსაც, აქედან მშვენიერი გზა მოდის მანგლისით თფილისზე. საკმაოა მტერს ახალქალაქი ეპყრას ხელს, რომ ის რამდენიმე დღის განმავლობაში თფილისს მოადგეს. არავითარი დამაბრკოლებელი ბუნებრივი ზღუდე ახალქალაქ თფილისს შუა არ არსებობს.

ზოგადი ანარქია

ოსმალეთის რეგულარული ჯარების მოქმედება ახალდაბადებული რესპუბლიკისთვის ყველაზე მთავარი საფრთხეა, მაგრამ ქვეყანა ზოგად ანარქიასა აქვს მოცული. აი, რამდენიმე სახასიათო ამონარიდი სულ ორი საგაზეთო ნომრის ცნობებიდან:

დარიალის რაზმის უფროს პოლკოვნიკ აბესაძისაგან, ყაზბეგიდან, გუბერნიის კომისარმა კ. ჯაფარიძემ 2 ივნისს შემდეგი ცნობა მიიღო: “31 მაისს, ღამის 6 საათზე ჩემთან მოვიდნენ ბალშევიკების მიერ გამოგზავნილი პარლამენტიორები და მომთხოვეს, რომ დარიალი დამეცალა. პასუხს ითხოვდნენ 45 წუთის განმავლობაში. ამის საპასუხოდ, 1 ივნისს, დილის 8 საათზე ჩვენი რაზმის მოწინავე ნაწილი შეტევაზე გადავიდა დარიალის ხიდით და ტყვეთ წამოიყვანა ბალშევიკების რაზმის წინა ნაწილი. ბალშევიკები არ მოელოდნენ ასე უეცრად თავდასხმას, ამიტომ “პანიკამ” მოიცო დარჩენილი ჯარი, რომელიც გაიფანტა… ჩვენ გვიკავია ამჟამად მთელი ჩვენი ტერიტორია.”

ლეჩხუმი: ამ უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში ლეჩხუმი ქუთაისს მიწყვეტილია. ამ მაზრამ თავი თვითონ გამოაცხადა კანონ გარეშე. დასწყვიტეს ტელეგრაფის მავთულები, გააფუჭეს ხიდები და რაჭასაც საშვალება წაართვეს ქუთაისთან დამოკიდებულებისა.

ახალი დამთავრებულია ბრძოლები სოხუმის ფრონტზეც.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button