ახალი ამბები

მთავარ პროკურატურასთან შეკრებილები ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ

ამ წუთებში მთავარ პროკურატურასთან რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ.

მთავარ პროკურატურასთან აქცია დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, გასული წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. 2017 წლის პირველ დეკემბერს მოზარდებს შორის დაპირისპირებას 51-ე სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებაში, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო,  დავით სალარიძის ჯგუფურ მკვლელობაში კი, ორივე ბრალდებული გაამართლა.

სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობად გადააკვალიფიცირა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ვერ დადგინდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის პროტესტი მოჰყვა. სარალიძის განმარტებით, მისი შვილის მკვლელები „დასჯილები არ არიან“. მან სასამართლოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, მთავარი პროკურორის გადადგომა, საქმეში ჩართული პროკურორების გადაყენება მოითხოვა და პროკურატურის შენობისკენ გაემართა.

ზაზა სარალიძემ სიმართლის დადგენის მიზნით, საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მის მხარდასაჭერად, პროკურატურასთან მალევე შეიკრიბნენ, პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და რიგითი მოქალაქეები.

აქციას 51-ე და სხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ჩამოვიდა გასული წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაციის შედეგად დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც მალხაზ მაჩალიკაშვილიც. აქციაზე მივიდა საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუაც.

პარალელურად, სოციალური ქსელის საშუალებით, საღამოს 7 საათისთვის, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან უკვე დაიგეგმა მასშტაბური აქცია სახელწოდებით „ნუ მომკლავ“. მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც.

ზაზა სარალიძე გამოძიებას უნდობლობას დიდი ხანია უცხადებს. მისი შეფასებით, პროკურატურამ სასამართლოს ერთ-ერთი მთავარი მოწმის ბიძის, მირზა სუბელიანის ბრალი მიზანმიმართულად არ გამოკვეთა და მტკიცებულებები დამალა. სუბელიანი ხორავას ქუჩის მკვლელობის დროს პროკურატურის თანამშრომელი იყო. მან თანამდებობა მომხდარიდან მალევე დატოვა. სარალიძის თქმით, მისი შვილის მკვლელობაში ორზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button