რესპუბლიკა 100რესპუბლიკის ამბები

ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა

საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომის ოქმიდან: კვირა, 26 მაისი, 1918 წელი. ქალაქი თფილისი, სასახლე.

სხდომას დაესწრო 42 წევრი და 36 კანდიდატი.

ლოჟებში და ქანდარაზე მრავალრიცხოვანი საზოგადოებაა.

მოედანი სასახლის წინ და უახლოესი ქუჩები გაჭედილია ხალხით.

სასახლის თავზე ფრიალებს ქართული დროშა.

თავმჯდომარეობს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. პრეზიდიუმში არიან: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე. მდივნად არის ეროვნულ საბჭოს მდივანი ილია ზურაბიშვილი.

ეროვნული საბჭოს სხდომის ოქმი. საქართველოს ეროვნული არქივის მასალებიდან.

სხდომა იხსნება ნაშუადღევის 4 ს. და 50 წუთზე.

როცა თავმჯდომარე თავის ალაგს იჭერს, საბჭო და დამსწრე ხალხი მიესალმებიან მას ფეხზე ადგომით, ხაანგრძლივი მქუხარე ტაშით და უმართავენ ოვაციას.

თავმჯდომარე: ეროვნული საბჭოს სხდომას გახსნილად ვაცხადებ.

მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწამენი იყავით იშვიათი ისტორიული და ამავე დროს ტრაგიკული აქტის. ამ დარბაზში დღეს მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი, დღესვე, ამავე დარბაზში ეყრება საძირკველი მეორე სახელმწიფოს.

ამ ორ სახელმწიფოთა შორის, რომელთაგან ერთი მოკვდა, მეორე კი იბადება, არ არის ინტერესთა წინააღმდეგობა.

და თუ პირველი აღსდგა ოდესმე მკვდრეთით, ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მათ შორის მუდამ იქნება ინტერესთა თანხმობა (ტაში).

ახალი სახელმწიფო – საქართველო, რომელიც დღეს არსდება, არ წავა რომელიმე ერის, ხალხის ან სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ.

მისი მიზანია – თავი გადაირჩინოს თანამედროვე ისტორიულ ქარიშხალში….”

ნოე ჟორდანია კითხულობს “საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს”.

კრება და დამსწრე საზოგადოება ისმენენ ამ აქტს ფეხზე მდგომნი. თვითეული მუხლი იწვევს მქუხარე ტაშს. წაკითხვის შემდეგ იმართება ხანგრძლივი ოვაცია.

სიწყნარის ჩამოვარდნის შემდეგ, თავმჯდომარის წინადადებით, ეროვნულ საბჭოს მდივანი გადის აივანზე და იქიდან უკითხავს დამოუკიდებლობის აქტს სასახლის წინ შეკრებილ ხალხს. აქტის წაკითხვის განმავლობაში აივანზე ორ ეროვნულ დროშას სდარაჯობს საპატიო ყარაულის რაზმი. აქტის თვითეული მუხლი იწვევს ხალხში აღფრთოვანებას, აღტაცების ყიჟინას, ტაშს და ოვაციებს…

მსგავსი/Related

Back to top button