ახალი ამბები

პრეზიდენტის სიტყვა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიტყვა დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული  რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე:

„თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს. გილოცავთ თქვენ, შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებო. გილოცავთ, იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრების მახვილი და დროშა არასდროს დაგიწევიათ და დღესაც ამაყად ემსახურებით სამშობლოს, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში. პატივს მივაგებ თქვენს თანამებრძოლებს, რომლებმაც სიცოცხლე ჩვენს სამშობლოს შესწირეს.

ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს, იმიტომ, რომ  საქართველოს გამთლიანება მათთან ერთად მოხდება და იმიტომ, რომ 1991 წელს, როდესაც ჩვენ თავისუფლებას აღვადგენდით, ჩვენ ერთად ვიდექით იმ რეფერენდუმში, რომელმაც მთელს მსოფლიოს და ჩვენს ერს ნათლად უთხრა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა.

თქვენო უწმინდესობავ, ქართულ ეკლესიას ვულოცავ თქვენთან ერთად, იმიტომ, რომ საუკუნეების განმავლობაში, სწორედ ეკლესიის სიმტკიცე გვაძლევდა ჩვენ და ჩვენს წინაპრებს უნარს, შეგვენარჩუნებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

ვულოცავ უკლებლივ ყველა უმცირესობის წარმომადგენელს, რადგან განსაკუთრებულობა ქართული სახელმწიფოსი, სწორედ ჩვენს მრავალფეროვნებაშია და იმის აღიარებაშია, რომ განსხვავებულები ვქმნით ერთ ძლიერ სახელმწიფოს.

ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისინი ჩვენთან ერთად ზეიმობენ. მათი წინაპრების ღვაწლმა მოიყვანა ჩვენი ქვეყანა დღევანელ დღემდე და ის პირველი დამოუკიდებლობაც მათმა წინაპრებმა გამოაცხადეს.

დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენი კულტურის, სპორტის, მეცნიერების წარმომადგენლებს, მათი გამარჯვებები ჩვენ ამ კვირის განმავლობაში, კიდევ ერთხელ ვიზეიმეთ.

დღევანდელ დღეს ვულოცავ იმ ქართულ ოჯახებს, რომლებიც რთულ ვითარებაში არ შედრკნენ და ამ ქვეყნის ყველა სირთულე თავის თავზე გადაიტანეს და საკუთარი ოჯახების გაძლიერებით აძლიერებენ ჩვენს სამშობლოს.

დღევამდელ დღეს ვულოცავ ჩვენს მეგობრებს და მადლობას ვუხდი მათ, იმისთვის, რომ ისინი ჩვენთან ერთად დგანან, იმისთვის, რომ ამ რთულ ვითარებაში, ისინი ამტკიცებენ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები, რაც დღეს საქართველოში არის, აქამდე არ ყოფილა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იმ გამარჯვებების საწინდარია, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ მიზნამდე, ჩვენ ნატოსა და ევროავშირის წევრობამდე მიგვიყვანს.

დღევანდელ დღეს გილოცავთ ბატონო პრემიერო, თქვენ, მთავრობას და მმართველ პარტიას. დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა ოპოზიციურ პარტიას და საზოგადოებრივ გაერთიანებას, იმიტომ, რომ ჩვენს დემოკრატიას სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის.

ჩვენ ამ სიძლიერით ვაძლიერებთ დემოკრატიულ საქართველოს და მე მინდა მასმედიას მივულოცო დღევანდელი დღე, იმიტომ, რომ დემოკრატია თქვენი თავისუფლების გარეშე ვერ შედგებოდა. სრულიად, საქართველოს ყველა მოქალაქეს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს. დღეიდან, ჩვენ გადავაბიჯებთ ახალ ასწლეულში ჩვენი რესპუბლიკისა და მომავალ 100 წელს გავივლთ ისევე, იმ პრინციპებით და იმ ღირებულებით, რაც ჩვენს წინაპრებს გაუვლიათ. აქ მიზანი ნათელია, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩვენ უნდა შევქმნათ ქვეყანა თავისუფალი, რომელშიც თავისუფალი მოქალაქეები, მათი მრავალხმრივი ნიჭის განვითარება გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ისევე მისცემს მომავალ თაობებს მიღწევებს, როგორიც ეს ჩვენს წინაპრებს მიუციათ მთელი კაცობრიობისათვის.

დღევანდელი მდგრადობა და ერთობა ჩვენი ერისა, მე ნათლად მაჩვენებს იმას, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას და ჩვენს მეგობრებთან ერთად, ჩვენ, ამიერიდან, მხოლოდ გამარჯვების გზით ვივლით.

ღმერთი გფარავდეთ თქვენ, და ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button