ახალი ამბები

პრემიერის სიტყვა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე:

„თქვენო უწმინდესობავ,

ბატონო პრეზიდენტო,

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,

მივესალმები ჩვენს საპატიო სტუმრებს:

ევროკომისიის პრეზიდენტს, ბატონ ჟან-კლოდ იუნკერს;

ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ რაიმონდს ვეიონისს;

ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ქალბატონ დალია გრიბაუსკაიტეს;

პოლონეთის პრეზიდენტს, ბატონ ანჯეი დუდას;

სლოვაკეთის პრეზიდენტს, ბატონ ანდრეი კისკას;

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ არმენ სარქისიანს;

ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ საული ნიინისტოს;

ჩვენი მეგობარი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებს,

ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ქართველი ერისთვის ასეთ საზეიმო დროს ჩვენთან ერთად ხართ და იზიარებთ ქართველი ხალხის სიხარულს.

პატივცემულო პარლამენტის და მთავრობის წევრებო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ოფიცრებო, ვეტერანებო, ქართული დიასპორის წარმომადგენლებო, ჩვენო თანამემამულენო,

მოგესალმებით ყველას!

ბატონებო, ჩვენი უმთავრესი ეროვნული დღესასწაული, 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე, წელს იმით არის სრულიად გამორჩეული, რომ ქართველი ერი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ზეიმობს.

ამ დიდი ისტორიული თარიღის აღსანიშნავად ჩვენთან ერთად არიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების შთამომავლები. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება სამშობლოში!

ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს!

განსაკუთრებით ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს წვევამდელებს. საპატიო და ამაღელვებელია ეს დღე მათთვის, ვინც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამშობლოს ერთგულების ფიცი დადო და საქართველოს ჯარისკაცი გახდა.

მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლოს წინაშე, თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი იქნება და ღირსეულად ატარებს ქართველი მეომრის საპატიო სახელს. მჯერა, თქვენ ბოლომდე გაუფრთხილდებით მათ სახელებს, ვინც სიცოცხლე შესწირა და სისხლი დაღვარა საქართველოსთვის. ჩვენ ყველანი ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე, სამშობლო არასოდეს დაივიწყებს მათ უკვდავ სახელებს.

ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღეები და წუთები, რომლებიც მომავალს ქმნიან და ერის ბედს წყვეტენ. 100 წლის წინ სწორედ ასეთი დღე იყო საქართველოსთვის 26 მაისი.

ეს დღე ერის ისტორიის ლოგიკური განვითარების, მარადიული ეროვნული ენერგიისა და მრავალი თაობის უდიდესი ძალისხმევის შედეგი იყო. დღეს არ შეიძლება არ გავიხსენოთ XIX საუკუნის სამოციანელების, თერგდალეულების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიული როლი. ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი აზრი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ და ამზადებდა 1918 წლის 26 მაისს. რომ არა ეს ხალხი, რომ არა გარჩეული ქართველი მოღვაწეები, რომ არა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი, სადაც ნაკვერჩხალივით ინახებოდა ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება, რომ არა გამთლიანებული ეროვნული ცნობიერება, არც 1918 წლის 26 მაისი იქნებოდა და არც დღევანდელი საქართველო იქნებოდა ისეთი, როგორიც არის.

1918 წლის 26 მაისი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს:

– წარსულს იმიტომ, რომ სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულ პოლიტიკას, რომელიც მაშინდელი მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვარად მიჩნეულ ღირებულებებზე იყო დაფუძნებული.

– აწმყოს იმიტომ, რომ დღეს ქართული სახელმწიფო ზუსტად იმ ღირებულებების მემკვიდრე და გამგრძელებელია, რომლებმაც ისე ახლოს მიიყვანა ჩვენი ქვეყანა ევროპასთან, როგორც არასდროს – დღეს ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაქეებისთვის.

– მომავალს იმიტომ, რომ იმავე ღირებულებების ერთგულებითა და მათზე დაყრდნობით ჩვენ ვიკვალავთ ახალ გზებს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისკენ, რათა ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ მსოფლიოს განვითარებულ და ცივილიზებულ სახელმწიფოთა შორის.

100 წლის წინ საქართველოს სახელმწიფომ მიიღო პირველი კონსტიტუცია, რომელიც დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში. ეს იყო მრავალეთნიკური სახელმწიფოს კონსტიტუცია, რომელიც მოიცავდა უნივერსალურ საარჩევნო ხმის უფლებას, უმცირესობათა უფლებებსა და რელიგიის თავისუფლებას.

საქართველო იყო ევროპაში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, სადაც ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, სწორედ იმ დროიდან იწყება საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორია.

ჩვენ 100 წლის ჩვენ შევქმენით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. თუმცა, სულ რაღაც 3 წელიწადში წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თავისუფლება 70 წლით გადაიდო; მაგრამ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების, ჩვენი დიდი ერისკაცების სულისკვეთებას უქმად არ ჩაუვლია. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არასოდეს გვიღალატია თავისუფლების იდეისათვის, რომელიც თაობიდან თაობაში გადადიოდა და 27 წლის წინ კვლავ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა.

დღევანდელი გადასახედიდან, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და ქვეყნის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაფუძნება კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს.

პირველი რესპუბლიკის გამოცდილება ჩვენი დასავლური იდენტობის დამადასტურებელი კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტია. და ის, რომ საქართველო დღეს ასე მყარად დგას ევროპასა და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე, სწორედ იქედან იღებს სათავეს.

დღეს საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლაში. სამშვიდობო მისიების მონაწილე ქართველმა მეომრებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად საქართველო საიმედო და ერთგული პარტნიორის სახელით განამტკიცეს მთელ მსოფლიოში. მინდა, მათ განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი დღე, მადლობა გადავუხადო ერთგული სამსახურისთვის და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო.

დღეს, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირის გვერდში დგომას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის, სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში დახმარებისთვის, განსაკუთრებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელთან თანამშრომლობაც უპრეცედენტო მასშტაბს იღებს.

დღეს, როცა ჩვენს სამშობლოს ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა და შეკავშირება. სხვაგვარად ვერ შევძლებთ იმ დიდი მიზნის მიღწევას, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია. ჩვენ ყველა ერთად, მხოლოდ მშვიდობისა და შერიგების გზით, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ნდობის აღდგენით მივაღწევთ სანუკვარ მიზანს და მათთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში.

დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე ქმნის ისტორიას, ყოველ ჩვენგანს გვაკისრია მისია, რომ 100 წლის წინ ჩაყრილ საძირკველს დავაშენოთ კეთილდღეობასა და სულიერ ძლიერებაზე დამყარებული ქართული სახელმწიფო.

მე მჯერა, რომ 100 წლის წინ დადებულ ფიცს დღეს ბოლომდე აღვასრულებთ და საქართველო დამკვიდრდება, როგორც ძლიერი და შეუქცევადი დემოკრატიის სახელმწიფო!

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!

დიდი მადლობა, გილოცავთ!“

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button