მოსაზრებარესპუბლიკა 100წერილები

სტივენ ჯონსი: პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა

პროფესორი სტივენ ჯონსი

ასი წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის იმპერიის ნგრევის ფონზე, საქართველოს ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები გოლოვინის პროსპექტზე, გენერალ-გუბერნატორის ყოფილ სასახლეში შეიკრიბნენ და საქართველო დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადეს.

ეროვნული საბჭო რესპუბლიკას 1919 წლის თებერვლამდე მართავდა,  შემდეგ ის პირდაპირი წესით არჩეულმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა. ეროვნულ საბჭოში არჩეული ხმოსნები – ვექილები, პროფკავშირების წარმომადგენლები, ადგილობრივი “ერობების” წარმომადგენლები, პროფესიონალი რევოლუციონერები, მიწათმფლობელები, ოფიცრები და მეწარმეები შედიოდნენ. საბჭოს 120 ხმოსნიდან 66 სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან იყო.

სოციალ-დემოკრატები რესპუბლიკის სათავეში საქართველოში წითელი არმიის შემოსვლამდე, 1921 წლის თებერვლამდე დარჩნენ. მათ, ევროპაში პირველი სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო დააარსეს. მაშინდელმა მთავრობამ ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია მიიღო, რომელმაც კერძო საკუთრებისა და კანონის უზენაესობის გარანტიები მშრომელებისა და სოციალური უფლებების დაცვას შეუსაბამა. რესპუბლიკამ მის ყველა მოქალაქეს  ყოვლისმომცველი სამოქალაქო თუ პოლიტიკური თავისუფლებები მიანიჭა და თვითმმართველობის ახლებური ქსელიც შექმნა.

ევროპული ფესვები

ქართულ სოციალ-დემოკრატიას ფესვები ევროპაში ჰქონდა. მოძრაობის ლიდერებმა თანასწორობის, თვითგამორკვევისა და სამოქალაქო უფლებების იდეები საქართველოს ევროპეიზებული ინტელიგენციის წიაღში მიიღეს, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენლებსაც განათლება რუსეთსა და ევროპაში ჰქონდათ მიღებული და ამიტომ საქართველოში “თერგდალეულების” სახელით იცნობდნენ.

1890 წლებისათვის ახალგაზრდა ქართველი მარქსისტები ევროპისკენ მიემგზავრებოდნენ. მათგან ბევრი ცარისტულ პოლიციას გაურბოდა. ისინი გერმანიის და ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიების შეხვედრებსა და კონფერენციებს ესწრებოდნენ, ფრანგ სოციალ-დემოკრატებთან დისკუსიები ჰქონდათ, მეორე ინტერნაციონალის კონგრესში იღებდნენ მონაწილეობას და მიმოწერა ჰქონდათ ევროპული სოციალიზმის ისეთ მოწინავე მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ ჟან ჟორესი, ედუარდ ბერნშტეინი და კარლ კაუცკი.

საქართველოს სიღარიბის, ჩამორჩენილობის, ცენტრალური და დასავლეთ ევროპისაგან ფიზიკური იზოლაციის მიუხედავად, ევროპულ სოციალ-დემოკრატიას ქართველ სოციალ-დემოკრატებზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა, ვიდრე სოციალიზმის რუსეთში ჩამოყალიბებულ დოქტრინებს.

თავდაპირველად, ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს რუსული მენშევიზმის იდეები იზიდავდა. თუმცა, 1905 და 1918 წლების რევოლუციებს შორის პერიოდში ქართულმა სოციალ-დემოკრატიამ უკვე საკუთარი, გამორჩეული ტაქტიკა და სტრატეგია ჩამოაყალიბა, რომელიც ევროპული პარტიების საპარლამენტო ბრძოლის მეთოდებს უფრო უახლოვდებოდა, ვიდრე რუსულს.

ბავარიელი სოციალ-დემოკრატების ლიდერის, გეორგ ფონ ფოლმარის მსგავსად, ქართველებმა პარტიის კარი გლეხობასაც გაუღეს და წვრილი ვაჭრების მოზიდვასაც ცდილობდნენ. ფრანგი სოციალისტის, ჟან ჟორესის მსგავსად, ისინი საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, სამოქალაქო საზოგადოებასა თუ პარლამენტში, პარტიის წევრების ჩართულობას მხარს უჭერდნენ.

ისინი რევოლუციას კი ადიდებდნენ, მაგრამ ისევე, როგორც კარლ კაუცკი, ამაში ხელისუფლების დემოკრატიული გზით ხელში აღებას გულისხმობდნენ და არა ერთი კლასის დიქტატურას. და ბოლოს, ავსტრიელი სოციალისტის, ოტო ბაუერის მსგავსად, ისინი სოციალიზმს კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების საშუალებად განიხილავდნენ.

ისევე, როგორც დღეს, პირველი რესპუბლიკის დროს, საქართველოს დასავლური ორიენტაცია საფუძველს უქმნიდა დემოკრატიული წყობისადმი ქვეყნის ერთგულებას. თუმცა, ამ პრინციპების პრაქტიკული განხორციელება ყოველთვის უნაკლო ვერ იყო.

ქართული გზით

საქართველოს სოციალ-დემოკრატები მხოლოდ ევროპული გამოცდილების გაზიარებით არ კმაყოფილდებოდნენ. ისინი სახელმწიფოს როლის გააზრებისათვის მაშინ მიმდინარე საერთაშორისო დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ და მმართველობის პრაქტიკაში ნერგავდნენ ახლებურ მიდგომებს, რითაც ცდილობდენ, ეპოვათ წონასწორობა ნაციონალიზმსა და სოციალიზმს, რეფორმებსა და რევოლუციას შორის.

რუსეთში ბოლშევიკური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, 1917 წელს, ქართველი სოციალ-დემოკრატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქართველოს ინტერესებში ევროპასთან სიახლოვე შედიოდა. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია 1919 წელს ამბობდა:

“ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და ჩვენი მომავალი ცხოვრებაც განუყოფლადაა გადაჯაჭვული დასავლეთთან და არანაირ ძალას არ ძალუძს ამ კავშირის გაწყვეტა…”

ქართველი სოციალ-დემოკრატების მიერ 1918-21 წლებში შექმნილი სახელმწიფო, საფუძველშივე განსხვავდებოდა ბოლშევიკური მოდელისგან. მისი არსი კაპიტალიზმის პოლიტიკურ მართვაში გამოიხატებოდა და არა მის გადაგდებაში.

ეს სისტემა, სოციალიზმის დემოკრატიულ მდგენელზე ამახვილებდა ყურადღებას, იცავდა პრესის თავისუფლებასა და პოლიტიკურ პლურალიზმს. ბოლშევიკების (და მენშევიკების) დოქტრინიდან ქართველი სოციალ-დემოკრატების ყველაზე ფუნდამენტური გადახვევა კი ეროვნული დამოუკიდებლობისათვის მხარდაჭერის გამოცხადება გახდა.

1918 წელს ეს გადაწყვეტილება საგარეო საფრთხეებზე რეაგირებად აღიქმებოდა – “შემთხვევით დამოუკიდებლობად”, როგორც ამას სოციალ-დემოკრატების ერთმა კრიტიკოსმა უწოდა. თუმცა, მალევე ცხადი გახდა, რომ ქართულ საოციალ-დემოკრატიას ეროვნული, სოციალური სახელმწიფოს ხედვა გააჩნდა. საქართველოს მაშინდელი ლიდერები მიიჩნევდნენ, რომ სწორედ სოციალ-დემოკრატია იცავდა მცირე სახელმწიფოების დამოუკიდებლად არსებობის უფლებას. მათი გაგეაბით, ინტერნაციონალიზმი უნდა დაფუძნებოდა ყველა ერის უფლებას, შეექმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

პრინციპების გამოცდა სინამდვილით

ქაოსური ვითარებისა და ლიდერების გამოუცდელობის გამო , ქართველი სოციალ-დემოკრატების პრინციპები რეალობად ყოველთვის ვერ იქცა.

სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო მტრულ გარემოში დაიბადა. მას არა მხოლოდ საგარეო საფრთხე ემუქრებოდა (დენიკინის მოხალისეთა არმია და ბოლშევიკები ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან კი ოსმალეთი) არამედ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების შიდა ამბოხებებიც უსუსტებდა საფუძველს.

დღევანდელობასთან პარალელები აშკარაა. ისევე, როგორც 1990-იან თუ 2000-იან წლებში, 1918-1921 წლების მთავრობა ოსებისა და აფხაზების სეპარატიზმს შეეჯახა, რომელსაც ზურგს უცხო სახელმწიფო უმაგრებდა.

ეს აჯანყებები, ალბათ, როგორც პირველი, ისე შემდგომი რესპუბლიკების ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული ნაწილია. საქართველოს მთავრობებმა ეროვნული უმცირესობების ეფექტიანი ინტეგრაცია ვერასდროს მოახერხეს. ამ მიმართულებით წარუმატებლობას, პროვინციებში სიღარიბე და უმუშევრობა, ცენტრალური მთავრობის მხრიდან კი, ხელისუფლების გადანაწილების სურვილის ნაკლებობა დაემატა.  ყველაფერმა ამან კარი საგარეო ჩარევას გაუღო.

ეროვნული უმცირესობების მიმართ მთავრობის მიდგომის წარმატება სტაბილური სახელმწიფოებრიობის საწინდარი და კონფლიქტების (მათ შორის ომების) თავიდან აცილების საფუძველია. პირველი რესპუბლიკა ეროვნული სახელმწიფოს მაშენებელი, ნაციონალიზატორი სახელმწიფო იყო. ახალშობილი სახელმწიფოებისათვის ეს ჩვეული მდგომარეობაა, რომლებსაც მოდერნიზება, გაერთიანება და ლეგიტიმურობის გამყარება სჭირდებათ.

თუმცა, ამგვარი პოლიტიკის განხორციელება ეროვნული უმცირესობების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების მიმართ მგრძნობელობის გარეშე, ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და რუსეთის მსგავს დიდ სახელმწიფოებს საბაბს აძლევს, რომ უფრო მცირე მეზობლის შიდა გათიშულობა სათავისოდ გამოიყენონ.

1918-1921 წლებში, ისევე, როგორც 1991 წლის შემდეგ, პრეზიდენტების გამსახურდიას, შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის დროს , ეროვნული უმცირესობების მიმართ უფრო თამამ მიდგომას, შეეძლო რუსეთისთვის  საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის საბაბი ხელიდან გამოეცალა და ქართული სახელმწიფო გაეძლიერებინა.

ლიბერალიზმი სოციალიზმთან ერთად?

1917-1918 წლების რევოლუცია საქართველოში იმდენადვე ეხებოდა დემოკრატიული უფლებების დამყარებას, რამდენადაც კლასობრივ საკითხს.

პარადოქსია, მაგრამ პირველი რესპუბლიკის ლიდერებმა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 1918 წელს უდიდეს წილად აგრარული საზოგადოება იყო,  მათ მოახერხეს ლიბერალიზმის – “თერგდალეულთა” მემკვიდრეობის – შეხამება სოციალიზმისათვის დამახასიათებელ სწრაფვასთან თანასწორობისაკენ .

ჯერ კიდევ 1918 წლამდე, სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციამ საფუძველი ჩაუყარა “სოციალურ კაპიტალს”, ანუ მოქალაქეთა დამოუკიდებელ გაერთიანებებს: სამკითხველო და თეატრალურ საზოგადოებებს, კოოპერატივებს და პროფკავშირებს. სამოქალაქო საზოგადოება მრავალრიცხოვანი არ იყო, თუმცა ამგვარი ჩანასახოვანი ქსელიც კი ახერხებდა ერთდროულად საფუძველი შეექმნა სოციალ-დემოკრატიული მთავრობისთვის და გაეკრიტიკებინა მისი პოლიტიკა.

ოფიციალურად, მთავრობა მხარს უჭერდა ადგილობრივ თვითმმართველობას ადგილობრივი საბჭოების “ერობების” სახით ისევე, როგორც მოსამართლეებისა და ქალაქების წარმომადგენლების არჩევნების მეშვეობით. პირველი რესპუბლიკის ეს მიდრეკილება საბჭოთა ხელისუფლებამ ჩანასახშივე ჩაკლა. შედეგად, პოსტ-საბჭოთა თაობა ბევრად უფრო ნაკლებადაა მომზადებული საჯარო სივრცეში თვითორგანიზაციისათვის, ვიდრე მათი წინაპრები.

მეორედ მოპოვებული დამოუკიდებლობის მეოთხედი საუკუნის შემდეგაც, სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო ჩართულობისაკენ სწრაფვა საქართველოში ჯერაც სუსტია. ეს უპასუხისმგებლო ელიტებს ახალისებს,  რიგით მოქალაქეებსა და მათ მმართველებს შორის კი უფსკრულს აღრმავებს.

მემკვიდრეობა, რომელიც ცოცხლობს?

რა შეიძლება ჩაითვალოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობად? საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია აღიარებს “საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ და იურიდიულ მემკვიდრეობას”. თუკი დღევანდელ კონსტიტუციას 1921 წლის ვერსიას შევადარებთ, ვნახავთ, რომ ორივე ლიბერალური კონსტიტუციონალიზმის პრინციპებს ემყარება.

მმართველობის ევროპული მოდელებისადმი ერთგულება და ევროპულ სახელმწიფოებთან მოკავშირეების ძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკიდან დაიწყო.

ეს მხოლოდ იმპერიალისტური მეზობლების შიშით, ანდა მოწყვლადი გეოგრაფიული მდებარეობის გამო არ მომხდარა. მოკავშირეობის საფუძველი, დასავლეთისადმი ქართული სოციალ-დემოკრატიის ინტელექტუალური ერთგულება იყო.

ეკონომიკური განვითარების ნეო-ლიბერალური მოდელის შესახებ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში დღეს არსებულმა კონსენსუსმა, სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკისადმი ახლომხედველი ცრურწმენის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. მაშინდელი მთავრობის მემარცხენე მიდრეკილებას თანამედროვე ქართული ელიტა მტრულად აღიქვამს.

პირველი რესპუბლიკის ას წლისთავზე, ჩვენ მისი მემკვიდრეობის უფრო ხარისხიან შეფასებას ვიმსახურებთ. ისეთს, რომელიც წარმოაჩენს პირველი რესპუბლიკის კომპლექსურ ხასიათს: დემოკრატიის, ნაციონალიზმისა და ეგალიტარიანიზმის რთულ ნაზავს, რომელიც კერძო საკუთრების პატივისცემასა და საჯარო კეთილდღეობისადმი სწრაფვას ემყარებოდა.

მაშინდელი მთავრობა თავისი პლურალისტური პრინციპების თანმიმდევრულად დაცვას ყოველთვის ვერ ახერხებდა, მაგრამ მან საქართველოში ლიბერალურ დემოკრატიასა და თანამედროვე სახელმწიფოებრიობას შეუქმნა საფუძველი. ეს ქართველი ისტორიკოსებისგან მეტ ყურადღებას, ხოლო ქართველი პოლიტიკოსებისგან ბევრად ნაკლებ ცრურწმენას იმსახურებს.


პროფესორი სტივენ ჯონსი მაუნტ ჰოლიოკის (მასაჩუსეტსი, აშშ) კოლეჯში 1989 წლიდან მოღვაწეობს. ის ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პოსტ-კომუნისტური საზოგადოებების ექსპერტი და ამ თემაზე რამოდენიმე წიგნისა და მრავალი სტატიის ავტორია. პროფესორი ჯონსი არაერთხელ მოუწვევიათ აშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ისევე, როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩებისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button