Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიხეილ ჯანელიძემ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დანიაში გამართულ ევროსაბჭოს 128-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა.

„როდესაც ჩვენ ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტებზე უნდა გავამახვილოთ“, – განაცხადა მინისტრმა. მიუღებელია, როდესაც 21-ე საუკუნეში ადამიანები „სამხედრო ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ, ან საფრთხისა და მუქარის გამო, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებას ვერ ახერხებენ“.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილი ასობით ათას ადამიანს „გამუდმებით უარს ეუბნებიან უკან დაბრუნებაზე. ამასთან, ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ადამიანები, ეთნიკური დისკრიმინაციის ობიექტები არიან, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევაა“.

„იმ დროს, როდესაც საქართველო მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, უმაღლეს სტანდარტებს აღწევს, ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, ოკუპირებულ რეგიონებში ამ მხრივ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა“, – დასძინა ჯანელიძემ.

მინისტრი არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ორი შემთხვევა „არის ადამიანის სიცოცხლისა და სხვა უფლებების უხეში დარღვევის ის მკაფიო მაგალითები, რაც ოკუპაციას მოაქვს“.

დანიაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებსაც შეხვდა, მათ შორის, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ანდერს სამუელსენს, ასევე გერმანიის სახელმწიფო მდივანს მიხაილ როთს. შეხვედრებზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button