მთავარი / ახალი ამბები / პატრიარქის მოსაყდრე ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილ მსვლელობას შეუერთდა
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა, 17 მაისი, 2018, ფოტო: კადრი ტელეკომპანია პირველის ვიდეოდან

პატრიარქის მოსაყდრე ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილ მსვლელობას შეუერთდა

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო დღეს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობას შეუერთდა და „ანტიოჯახური ღირებულებების“ წინააღმდეგ ისაუბრა.

საპატრიარქოს ორგანიზებული მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო და, რუსთაველის გამზირის გავლით, სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II – მ მრევლს მიმართა და დალოცა.

მანამდე ქაშვეთის ეკლესიაში, მრევლს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ მიმართა და განაცხადა, რომ „ოჯახის დანგრევის და განშორებათა სტატისტიკა არის დღეს უკვე საგანგაშო, სულ უფრო და უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. ამიტომ, დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახური სიწმინდე, დავიცვათ ოჯახური ღირებულებები“.

მისი თქმით, „ოჯახი ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი“, არამედ ეს არის „ფორმა ყოფიერების, რომელიც ღმერთმა შექმნა“. მისივე შეფასებით, „ოჯახთან ბრძოლა და ოჯახის ღირებულებებთან ბრძოლა ეს არის ღმერთთან ბრძოლა“.

17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამავე დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღის აღნიშვნა კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ინიციატივით 2014 წლიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც 2013 წელს, მართლამადიდებლური ეკლესიის რადიკალურად განწყობილმა ნაწილმა ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრება დაარბია.

მეუფე შიომ ჟურნალისტის მიერ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ასე უპასუხა: „ეს დღე აღინიშნება, როგორც ჩვენ ვიცით, მაგრამ ჩვენ ოჯახის სიწმინდის დღეს აღვნიშნავთ, იმიტომ, რომ დღეს ოჯახურ ღირებულებებს მთელს მსოფლიოში დიდი საფრთხე ემუქრება“. მისივე თქმით, ეკლესია „ემიჯნება და გმობს“ ყველა სახის ძალადობას.

დღევანდელ მსვლელობაში  მონაწილეობა მიიღეს ნეო-ნაცისტური მოძრაობის „საქართველოს ეროვნული ერთობის“ და ულტრანაციონალისტური მოძრაობის „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმაც. ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე აღნიშნეს ქუთაისშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, მსვლელობის დროს, მეტროსადგურების: „თავისუფლების მოედნისა“ და „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ხოლო ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. მედიის ინფორმაციით, ეს პირები ნეო-ნაცისტური მოძრაობების წარმომადგენლები იყვნენ.

„დღესვე სამართალდამცველებმა, მსვლელობის დაწყებამდე „საქართველოს ეროვნული ერთობის“ 2 წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

This post is also available in: ინგლისური რუსული

About Civil.ge

This is a product produced by Civil.ge team, delivering news and commentary on Georgia since 2001.