ახალი ამბები

„ეროვნულ ძალთა გაერთიანების“ ორგანიზებით, თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა

„ეროვნულ ძალთა გაერთიანების” წევრებმა 14 მაისს საპროტესტო აქცია გამართეს და 2018 წლის 19 მარტს, ტელეკომპანია რუსთავის 2 – ის შენობის წინ მიმდინარე აქციის დროს დაკავებული 7 „პოლიტპატიმრის” გათავისუფლება, საიმიგრაციო კანონისა და ნარკოპოლიტიკის გამკაცრება მოითხოვეს.

ორგანიზატორებმა, მათ შორის, „ქართულმა მარშმა” და „ქართულმა იდეამ” აქცია მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 12-13 მაისს პარლამენტის ძველი შენობის წინ, მოქალაქეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისის ორ კლუბში ჩატარებული სპეცოპერაცია გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა შეკრება ფილარმონიის წინ, საღამოს ექვსი საათიდან დაიწყეს და მსვლელობით საქართველოს პარლამენტის ძველ შენობასთან გადაინაცვლეს. აქციის ლიდერების განცხადებით, ისინი „ნარკომოვაჭრეების” მიერ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, „ქალაქის ცენტრის ოკუპაციას”, „გარყვნილებისა” და “ ნარკოპოლიტიკის პროპაგანდას” აპროტესტებდნენ.

„ქართული მარშის” ლიდერის სანდრო ბრეგაძის შეფასებით, „უზნეო ადამიანების პარპაში ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს” და ქართველმა ერმა „თავისი ეროვნული ინტერესებიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე” უნდა იცხოვროს. ხელისუფლებისგან ღამის კლუბების დახურვას ითხოვს პარტია „ქართული იდეის” ხელმძღვანელი ლევან ჩაჩუა. „ქართული მარშის” კიდევ  ერთი ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას მოსაზრებით კი, ნარკორეალიზატორების მიმართ სამუდამო საპატიმრო სასჯელი უნდა მოქმედებდეს.

აქციის ორგანიზატორების განმარტებით, მათ პარლამენტის ძველი შენობის წინ აქციებისთვის მერიისგან 10 დღიანი ნებართვა აქვთ მიღებული და ამ დროის განმავლობაში, ისინი პერმანენტულ შეკრებებს გეგმავენ. აქციას ისინი 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის წინააღმდეგაც გამართავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button