Placeholder canvas
ახალი ამბები

ენმ და რამდენიმე ოპოზიციური პარტია საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას განიხილავს

ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და შვიდ არასაპარლამენტო პარტიას შორის ახალ ოპოზიციურ პლატფორმაზე შეთანხმება შედგა, რომლის მთავარი მიზანიც, პოლიტიკოსების თქმით,
საქართველოში ხელისუფლების ცვლილება და „ოლიგარქიული მმართველობის” დასრულებაა.

ამის შესახებ 28-29 აპრილს, ამსტერდამში საქართველოს ექსპრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გამართული კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ახალ პოლიტიკურ პლატფორმაში შემავალი პარტიები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას განიხილავენ, რომელსაც პრაიმერისის გზით შეარჩევენ. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, „ერთმანეთს თავს არ დაესხმიან”.

ახალ ოპოზიციურ პლატფორმაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, შედის: სახელმწიფო ხალხისთვის, ევროპელი დემოკრატები, ქრისტიან-კონსერვატიული პარტია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, ახალი საქართველო და ახალი ერთობა საქართველოსთვის.

პოლიტიკური ლიდერების განმარტებით, პლატფორმის წევრები მოლაპარაკებებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც გააგრძელებენ.

„კარი აბსოლუტურად ყველასთვის ღიაა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ინდივიდების გაერთიანება ყველა ასაკის საქართველოს პატრიოტების, ქართული საქმის მკეთებლების, ჩვენს ქრისტიანულ-ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებით” – აღნიშნა შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა.

„ეს არის დასაწყისი იმ დიდი ერთიანობისა, რომელმაც უნდა დაამთავროს ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში” – თქვა ახალი ერთობა საქართველოსთვის დამფუძნებელმა მამუკა გამყრელიძემ.

ექსპრეზიდენტმა ევროპულ საქართველოსთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

„ძალიან გამიხარდებოდა გიგი უგულავას გამარჯვება ვანის [და ხონის მაჟორიტარულ] არჩევნებში, მაგრამ ამის შანსი არ იყო. ყველამ უნდა დაივიწყოს ძველი წყენა. მე მივესალმები, რომ მისი თანაპარტიელებიც შემოუერთდნენ რაღაც სახის ახალ ფორმატს” – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, მას „პიროვნული ამბიცია” არ ამოძრავებს და მისი მთავარი მიზანი პოლიტიკაში „ახალი ლიდერების” წარმოჩენაა.

მიხეილ სააკაშვილს “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ თბილისიდან უპასუხა და განაცხადა, რომ შეთავაზება „წინააღმდეგობრივ გზავნილებს” შეიცავდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, რომელიც გულისხმობს საარჩევნო მარათონში, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას”, დასძინა ოთარ კახიძემ.

ამ დროისთვის, რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. არჩევნებამდე ათი თვით ადრე, საკუთარი კანდიდატურა დაასახელა შალვა ნათელაშვილმა. ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის სახელით პრეზიდენტობისთვის ზურაბ ჯაფარიძე იბრძოლებს. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძეც. საპრეზიდენტო კანდიდატს ზაფხულის ბოლოს დაასახელებს ქართული ოცნება. რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს, მას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button