Placeholder canvas
ახალი ამბებიკონფლიქტის ამბები

ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა


ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების 1314-2 შეხვედრა, 18 აპრილი, 2018. ფოტო: MFA Georgia

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების 1314-ე შეხვედრაზე, რომელიც 18 აპრილს გაიმართა, საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა მე-17 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ წარადგინა, რომელიც 2017 წლის ოქტომბერი – 2018 წლის მარტის პერიოდს მოიცავს და საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა ანგარიშში, რომ „მიუხედავად განმეორებითი ძალისხმევისა, სამდივნოს არ მიეცა კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების მიზნით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის უფლება“, რითიც მას „არ მიეცა შესაძლებლობა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება ადგილზე შეეფასებინა“.

შედეგად, დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია წინა კონსოლიდირებულ ანგარიშებზე, ასევე საქართველოს ხელისუფლებასთან და სახალხო დამცველთან, საერთაშორისო ორგანიზაციების და შერიგებაზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საუბრებზეა დაფუძნებული.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება „შეფასებულია როგორც სტაბილური და მშვიდი“, თუმცა ადმინისტრაციული-სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მიმდინარე სამხედრო წვრთნები „კვლავ შეშფოთებას იწვევს“.

გენერალური მდივანი ანგარიშში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის „ტრაგიკურ გარდაცვალებასაც“ ეხება და აღნიშნავს, რომ ინციდენტს სერიოზული შეშფოთება მოყვა და ის საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგმეს.

„2017 წელს გაგრძელდა საქართველოს და რუსეთის ფედერაციას შორის მზარდი დინამიკა ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის და ჰუმანიტარულ სფეროებში“, რა დროსაც ორივე მხარე აღიარებდა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში პრაგმატულ მიდგომას დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის.

აფხაზეთი

აფხაზეთში, „უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება შედარებით სტაბილური იყო, როგორც ამის თაობაზე სიტუაციის მონიტორინგში ჩართული სხვადასხვა დამკვირვებელი იტყობინება“, თუმცა „ზოგადი კრიმინოგენული სიტუაცია“ საანგარიშო პერიოდში „გაუარესდა“.

„თავისუფალ გადაადგილებაზე კვლავ სერიოზულ გავლენას ახდენს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ ეს მოვლენები და თავისუფალი გადაადგილების სხვა შეზღუდვები ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტების არარსებობასთან ერთად ართულებს მოსახლეობის წვდომას საარსებო წყაროზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე.

იაგლანდმა ასევე ისაუბრა ახალი „ბინადრობის ნებართვების“ შესახებ და აღნიშნა, რომ ახალი დოკუმენტისთვის მინიჭებული უფლებების მასშტაბი “ბუნდოვანია, რაც წუხილებს აღძრავს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შესახებ“. „განსაკუთრებით პრობლემატურია საკუთრების უფლებების ეფექტური განხორციელება საკუთრების გადაცემის პროცესში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი

ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება „ადგილზე მყოფმა დამკვირვებლებმა შეაფასეს როგორც შედარებით მშვიდი“. თუმცა, საანგარიში პერიოდში გრძელდებოდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

ანგარიშის თანახმად, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ თავისუფალ გადაადგილებაზე და საარსებო წყაროს მოპოვებაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა მე-17 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე ევროკავშირის, სუამის და სხვა პარტნიორების მიერ ანგარიშთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, და იმედი გამოთქვა, რომ საკითხი მომავალშიც დარჩება ევროპის საბჭოს დღის წესრიგში.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button