Placeholder canvas
ახალი ამბებიკონფლიქტის ამბები

ადვოკატის თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები აკლდა

თამარ ავალიანმა, 22 თებერვალს ცხინვალში პატიმრობისას გარდაცვლილი 35 წლის საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ადვოკატმა, განაცხადა, რომ ტატუნაშვილი საქართველოს ხელისუფლებას შინაგანი ორგანოების გარეშე გადასცეს.

თამარ ავალიანი, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის სახელით წარმოადგენს ოჯახს, ჟურნალისტებს გუშინ ესაუბრა მას შემდეგ, რაც მცხეთის პროკურატურაში არჩილ ტატუნაშვილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის გამოკითხვა დასრულდა.   

ავალიანმა დაადასტურა, რომ პროკურატურამ ინფორმაცია მიაწოდა მათ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც, შესაბამისად, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მკვლელობას გულისხმობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამომძიებლებთან შეხვედრაზე „ორი პრინციპული საკითხი“ დააყენა. „ერთი ეს არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა მის ხელთ არსებული მექანიზმი გამოიყენოს შინაგანი ორგანოების გადმოცემასთან დაკავშირებით… და მეორე, გამოთხოვნილ იქნას ყველა სამედიცინო და სამართლებრივი დოკუმენტაცია, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში ინახება“, – განაცხადა ადვოკატმა.

„გარკვეული ვარაუდი გამოითქვა, თუმცა ეს არ არის საბოლოო ვარაუდი, რომ ამან შეიძლება სრულყოფილი ექსპერტიზის ჩატარებას ხელი შეუშალოს“, – დასძინა ავალიანმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 13 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც  ორგანიზაცია მოამზადებს საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოთშორისი საჩივარი წარადგინოს.

მარიამ ჯიშკარიანმა, რომელიც ხელმძღვანელობს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრს „ემპათია“, რომლის წარმომადგენელი ასევე ესწრებოდა 21 მარტს ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, განაცხადა 16 აპრილს, რომ ორგანიზაცია ექსპერტიზის დამოუკიდებელ დასკვნას მოამზადებს.

ჯიშკარიანის თქმით, შესაბამისი მასალები უკვე გამოეთხოვა ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს. 13 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ თავის დასკვნას ის ერთი კვირის ვადაში გამოაქვეყნებს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button