ჟან ასელბორნი და მიხეილ ჯანელიძე, 28 მარტი, 2018. ფოტო: maee.gouvernement.lu
ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, ჟან ასელბორნი 28 მარტს თბილისში ვიზიტის დროს თავის ქართველ კოლეგას, მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები, ასევე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„საქართველოს აქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ლუქსემბურგის მხრიდან ევროპული და ევრო-ატლანტიკური პროცესის ფარგლებში. ჩვენ დღეს განვიხილეთ საქართველოს ეს მისწრაფებები, ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ იმისათვის, რომ ვიყოთ უფრო ახლოს იმ მიზანთან, რომელსაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის – ესაა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა“, – განაცხადა ჯანელიძემ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„უაღრესად ვაფასებთ ლუქსემბურგის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა ჯანელიძემ და დასძინა, რომ მიუხედავად „ძალიან მჭიდრო“ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა, „ჩვენ ვხედავთ კიდევ უფრო მეტ პოტენციალს სხვადასხვა სექტორში, საფინანსო, საბანკო სექტორში და ასევე ვხედავთ შესაძლებლობებს განათლების კულტურის და სხვა მიმართულებით“.
ჯანელიძემ უვიზო მიმოსვლის ერთ წლისთავთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყენა განაგრძობს ზომების მიღებას, რათა ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა შეამციროს.
მოგვიანებით 28 მარტს, ჟან ასელბორნი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის ვიცე-სპიკერს, თამარ ჩუგოშვილს შეხვდა. დღეს კი დაგეგმილია მისი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.