საქართველოს და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობაზე იმსჯელეს


ლევან იზორია და პრედრაგ ბოშკოვიჩი, 26 მარტი, 2018. ფოტო: gov.me/B. Cupic

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს სტუმრობს, 26 მარტს თავის კოლეგას, პრედრაგ ბოშკოვიჩს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

„მონტენეგრო არის ნატოს ახალი წევრი ქვეყანა. ამიტომ ჩვენს ვიზიტს ამ ქვეყანაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რითაც კიდევ ერთხელ ხდება ხაზგასმა იმისა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში კვლავ ძალაში რჩება“, – განაცხადა იზორიამ შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ მომავალში მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მონტენეგროსთან როგორც ნატოს ფარგლებში, ისე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში. ეს ქვეყანა იქნება საქართველოს პრინციპული მხარდამჭერი ნატოში გაწევრიანების გზაზე“, – დასძინა მინისტრმა.

27 მარტს ლევან იზორია მონტენეგროს პრეზიდენტს ფილიპ ვუიანოვიჩს შეხვდა, სადაც მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და ეკონომიკური ურთიერთობები. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იზორია ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს, სრჯან დანმანოვიჩს.

Exit mobile version