პარლამენტმა ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას მხარი არ დაუჭირა საკანონმდებლო ინივიატივას, რომელიც ქალებისთვის სავალდებულო კვოტების შემოღებას ითვალისწინებდა და პარლამენტსა და საკრებულოებში ქალი წევრების რაოდენობის ზრდას ისახავდა მიზნად. 

კანონპროექტის თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს და საარჩევნო ბლოკებს მოეთხოვებოდათ, რომ სიაში ყოველი მეორე უნდა ყოფილიყო განსხვავებული სქესის კანდიდატი. გარდა ამისა, ინიციატივის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებდა სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი. შედეგად, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში პროპორციული სისტემით დასაკომპლექტებელი 77 მანდატიდან ნახევარი ქალებს ერგებოდათ. 

კანონპროექტი, რომელიც ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა და პარლამენტს 37 ათასი მოქალაქის ხელმოწერით გასული წლის ივნისში წარედგინა, შემოდგომაზე სამმა საპარლამენტო კომიტეტმა მოიწონა. გარდა ამისა, გენდერულ კვოტების შემოღებას აქტიურად მოითხოვდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობასა და „დროულობას“ ხაზს უსვამდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებიც

პარლამენტში მიმდინარე განხილვას გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა. „მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პოლიტიკურ პროცესებს და გაზრდის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს“, – ნათქვამი იყო პრემიერის განცხადებაში.

მმართველ გუნდში ქალთა სავალდებულო კვოტირებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ბოლო დრომდე ნარჩუნდებოდა. ქართული ოცნების დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ადგილების წინასწარ დაჯავშნა ქალებისთვის „შეურაცხმყოფელია“. მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის, გედევან ფოფხაძის განმარტებით კი, გენდერული კვოტირების პრინციპი „გაუგებარია“. მისი თქმით, პარლამენტში ადამიანები უნდა ხვდებოდნენ კვალიფციკაციის და არა სქესის მიხედვით. 

საბოლოოდ, წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის დასამტკიცებლადაც სულ მცირე 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, 14  – წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში „იყო გარკვეული წინააღმდეგობა დეტალებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ვერ შედგა შეთანხმება“, თუმცა აღნიშნა, რომ „მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს“. 

Exit mobile version