Placeholder canvas
ახალი ამბები

არჩილ ტატუნაშვილი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს


ტატუნაშვილის ცხედარი წითელი ჯვრის შუამავლობით გადმოასვენეს, 20 მარტი, 2018. ფოტო: cominf.org

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 22 თებერვალს უკანონოდ დაკავებული და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს საღამოს დაახლოებით 9 საათზე გადმოასვენეს. 

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით, ქართულ მხარეს ცხედარი სოფელ ერგნეთში გადასცეს. ოსური მედიის ცნობით, ცხედრის გადმოსვენება ცხინვალის მორგიდან მოხდა. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც ერგნეთში ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ტატუნაშვილი ცხედარი ჯერ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იქნება გადასვენებული, შემდეგ კი ოჯახს გადაეცემა. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, რომელიც ასევე იმყოფებოდა ერგნეთში, ტატუნაშვილის გადმოსვენება ძალიან დაგვიანებით“ მოხდა. მისივე თქმით, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ რაც შეიძლება მაქსიმალურად სწრაფად მოხდება [ცხედრის] გადასვენება ოჯახში“, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ექსპერტიზა ამით ამოიწურება. მისი შესწავლა და სიკვდილის მიზეზების დადგენა სრულად მოხდება“, – დასძინა მინისტრმა. სოზარ სუბარმა ასევე დაადასტურა, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ მხარეს გარკვეული მასალები გადასცა. მათ შორის, სავარაუდოდ ექსპერტიზის მასალებიც უნდა იყოს, – აღნიშნა მინისტრმა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული 35 წლის საქართველოს მოქალაქის, ახალგორის მუნიციპალიტეტის მკვიდრის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ ცნობილი 23 თებერვალს დილით გახდა.  ცხინვალის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტატუნაშვილი წინა დღეს ახალგორში დააკავეს და „ცხინვალში გადაიყვანეს დასაკითხად“.

ამავე ინფორმაციით, საგამოძიებო იზოლატორში დაბრუნებისას მან სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც დაზიანებები მიიღო, იგი წააქციეს და კიბეზე დაგორდა. მალევე, იგი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ორ საათში გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ოჯახი უარყოფს ამ ვერსიას და აცხადებს, რომ იგი ცხინვალის უშიშროების ძალებმა წამებით მოკლეს.

ტატუნაშვილის ოჯახი, რომელიც დევნილთა წილკნის დასახლებაში ცხოვრობს, ცხედრის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას ითხოვდა, თუმცა ცხინვალის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცხედარი ოჯახს მანამდე არ გადაეცემოდა, სანამ რუსეთში ოსური მხარის მიერ გადაცემული გვამის გაკვეთის მასალების „დამოუკიდებელი ექსპერტიზა“ არ ჩატარდებოდა.

მსგავსი/Related

Back to top button