კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე თბილისში ორმხრივ შეხვედრებს მართავს


ირაკლი კობახიძე და დემეტრის სილურისი, 19 მარტი, 2018. ფოტო: parliament.ge

კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, დემეტრის სილურისი 19-20 მარტს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს.

19 მარტს იგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის და კულტურის საკითხები, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს.

„ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები, რომელიც დაკავშირებული ტერიტორიულ მთლიანობასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმისათვის, რომ საერთო პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით გადავჭრათ“, – განაცხადა კობახიძემ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

თავის განცხადებაში სილურისმა ხაზი გაუსვა საქართველო-კვიპროსის თანამშრომლობას საერთაშორისო არენაზე და კიდევ ერთხელ გამოხატა კვიპროსის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვიზიტის ფარგლებში კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძესაც შეხვდა და ორივე შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზის მიმართ.   

Exit mobile version