Placeholder canvas
ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ სცნო

საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა, მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მლნ. ლარის გაფლანგვის საქმეში დამნაშავედ სცნო და 1 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა უგულავას ეს სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის იანვარში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა შთანთქა დღევანდელი განაჩენი.

თბილისის განვითარების ფონდიდან თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი ჰქონდათ თბილისის მერის ყოფილ მოადგილეს დავით ალავიძეს, მერიის  შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს ალექსი თაბუაშვილს,  ძველი თბილისის ყოფილ გამგებელს დავით ავალიანს, რომელთაც სასამართლომ 1 წლით და 2 თვით პირობითი სასჯელი მიუსაჯა.

ძველი თბილისი ყოფილი გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე კი საქალაქო სასამართლომ ამ საქმეში უდანაშაულოდ ცნო.

დაუსწრებლად, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი საბანაძეს.

გიგი უგულავას, დავით ალავიძეს, დავით ავალიანს და  გიორგი საბანაძეს  თავიდან ბრალი ედებოდათ  სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას გულისხმობს, ალექსი თაბუაშვილს კი – 182-ე მუხლის  მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა აღნიშნული ბრალდება და გიგი უგულავა, დავით ავალიანი, დავით ალავიძე და ალექსი თაბუაშვილი  დამნაშავედ ცნო  333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), ხოლო ბრალდებული გიორგი საბანაძე დამნაშავედ ცნო 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის მერის გიგი უგულავას და მერიის მაღალჩინოსნების მიერ, პარტიული ინტერესებისთვის, მთლიანობაში „მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 48 180 960 ლარი, რომელიც  დედაქალაქის რეაბილიტაციის ნაცვლად პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას მოხმარდა“. 

გიგი უგულავას ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ „პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება“ მიიღო და დაცვის მხარე მას შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. დასაბუთებული  განაჩენის ჩაბარების შემდეგ სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს პროკურატურაც.

მსგავსი/Related

Back to top button