საქართველოს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ გაუარესდა საერთაშორისო გამჭირვალობის ყოველწლიურ კვლევაში „კორუფციის აღქმის ინდექსი“, რომელიც 22 თებერვალს გამოქვეყნდა.
2017 წლის კვლევაში საქართველოს 56 ქულა აქვს და 46-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის. საქართველო ამ რეიტინგში ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას უსწრებს, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა.
ქვეყნების შეფასება 0-დან (ყველაზე მეტად კორუმპირებული) 100-მდე (ყველაზე სუფთა საჯარო სექტორი) შკალაზე ხდება.
2016 წლის კვლევაში საქართველოს 57 ქულა ჰქონდა და ლატვიასთან ერთად 44-ე ადგილზე იყო 176 ქვეყანას შორის. 2012 წელს საქართველომ 52 ქულა მიიღო; 2013 წელს – 49 ქულა, ხოლო 2014 და 2015 წელს კი – 52 ქულა მიიღო.
„ბოლო წლების მანძილზე კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიციის უცვლელობა (2017 წელს კი, გაუარესება) მიანიშნებს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული გარკვეული პროგრესის შემდეგ, ხელისუფლებამ ანტიკორუფციული ძალისხმევა ახალ ეტაპზე უნდა აიყვანოს“, – განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ 22 თებერვალს.
According to @@anticorruption #Georgia is ranked 46th among 180 countries with the score of 56 points in the #Corruption Perception Index #CPI2017 pic.twitter.com/pAZfYmPZ72
— TI Georgia (@TIGeorgiaEng) February 22, 2018
„საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ არსებული გამოწვევები ძირითადად მმართველობის მაღალ დონეზე ანგარიშვალდებულების ნაკლებობას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების ეფექტური სისტემის არარსებობის შედეგია“, – განაცხადა ორგანიზაციამ.
„გაუმართავი კანონმდებლობა, არაჯეროვანი გავლენა სისტემის შიგნიდან თუ გარედან, სისტემის ჩაკეტილობა, ანგარიშვალდებულების არარსებობა და არაეფექტური მენეჯმენტი სასამართლოს სისტემაში პირდაპირ საფრთხეებს წარმოქმნის მოსამართლეთა დამოუკიდებლობის კუთხით და მნიშვნელოვნად ზრდის კორუფციის რისკებს“, – დასძინა ორგანიზაციამ.
პირველი რეკომენდაცია, რომელსაც საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს აძლევს, არის „სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრა, საჯარო და კერძო სექტორების ეფექტური გამიჯვნა“; ასევე „აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საქართველოს პარლამენტის კონტროლის გაძლიერება“.
სხვა ნაბიჯებს შორის ჩამოთვლილია: სასამართლო ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა; დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა; დამოუკიდებელი, პროფესიონალური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება; და საზედამხედველო და მარეგულირებელი ინსტიტუტების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერება.