Placeholder canvas
ახალი ამბებიინტერვიუ

ლილია შევცოვა პუტინის ახალი საპრეზიდენტო ვადის, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობების შესახებ საუბრობს


ლილია შევცოვა. ფოტო: UKRINFORM

Civil.ge საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის რუსეთის და ევრაზიის პროგრამის მკვლევარს, ლილია შევცოვას, რუსეთის ფედერაციის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ესაუბრა.

შევცოვა, რომელიც მანამდე სოციალური მეცნიერების კვლევის საბჭოს ევრაზიის და აღმოსავლეთ ევროპის პროგრამას ხელმძღვანელობდა, დემოკრატიისა და ახალი აღმოსავლეთ ევროპის შესახებ ჟურნალის, American Interest-ის სარედაქციო საბჭოს წევრია.

მოდით რუსეთის შიდა პოლიტიკით დავიწყოთ. მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიამ ალექსეი ნავალნის 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განუცხადა, მისმა მხარდამჭერებმა არჩევნების ბოიკოტი და საპროტესტო აქციები დააანონსეს. ამ კონტექსტში, რა პოლიტიკურ განვითარებას ელით რუსეთში მოკლევადიან პერიოდში?

რუსული საზოგადოების ოპოზიციური სეგმენტი გახლეჩილია და არ იცის, გამოუცხადოს თუ არა ბოიკოტი არჩევნებს. სამწუხარო ირონია ის არის, რომ იმ დროს, როდესაც მასობრივი ბოიკოტი ნაკლებად სავარაუდოა, უმცირესობის ბოიკოტმა შესაძლოა მხოლოდ გაზარდოს ვლადიმირ პუტინის ხმების წილი. ამიტომ, რუსეთის საზოგადოება გარკვეულწილად ხაფანგში აღმოჩნდა: თუ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები იმ კანდიდატებს მისცემენ ხმას, ვისაც პუტინის ოპოზიციაში მყოფად მოიაზრებენ, მოქმედ პრეზიდენტს საარჩევნო ლეგიტიმაციას მიანიჭებს, ხოლო არჩევნების ბოიკოტი პუტინის საარჩევნო მხარდაჭერას გაზრდის. ეს, რა თქმა უნდა,  სერიოზული დილემაა.

აქამდე, ნავალნის ხელმძღვანელობით მიმდინარე საპროტესტო აქციებმა ვერ უზრუნველყო მასობრივი პოლიტიკური იმპულსის შექმნა – სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ეს აქციები საკმაოდ უმნიშვნელო იყო. მართალია ნავალნიმ შეძლო ქვეყნის მასშტაბით ქსელის ჩამოყალიბება, რომლის მობილიზებაც მღელვარების ტალღის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, მაგრამ არავის შეუძლია იწინასწარმეტყველოს, როდის შეიძლება ეს მოხდეს. ამ ეტაპზე, ცალსახაა, რომ პუტინი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ დიდი ქალაქები, როგორიც მოსკოვია, მას არ დაუჭერენ მხარს. კრემლის პრობლემა არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ ისაა, თუ რა იქნება მის შემდეგ – პოსტ-საარჩევნო განვითარების დღის წესრიგი.

ზოგადად როგორ შეაფასებდით ალექსეი ნავალნის როგორც პოლიტიკურ ლიდერს?

მის ზოგიერთ მოსაზრებას მე კრიტიკულად განვიხილავ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ის ერთადერთი პოლიტიკური ლიდერია, რომელსაც შეუძლია ახალგაზრდა რუს ამომრჩევლებს მიმართოს და რომელმაც ფუნქციური ორგანიზაციული ჩარჩო შექმნა ოპოზიციური მოძრაობისთვის. ამას გარდა, ის არის ლიდერი, რომელსაც აქვს სითამამე და განწყობა, რომ პრეზიდენტ პუტინს დაუპირისპირდეს.

თქვენი აზრით, კონკრეტულად რა მიზეზს შეუძლია მომავალში რუსეთში რეჟიმის ცვლილება გამოიწვიოს – მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური სიძნელეებს, წარუმატებლობას საგარეო პოლიტიკაში, ოპოზიციის საქმიანობას, ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობას, თუ რაიმე სხვას?

რუსეთში რეჟიმის ცვლილება შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორის კომბინაციამ გამოიწვიოს, რა დროსაც მზარდი სიღარიბე და ხელისუფლების ქედმაღლობა მთავარი ფაქტორები იქნება. თუმცა, ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც ახლა უნდა ვიფიქროთ. უფრო მნიშვნელოვანია ის, მოიტანს თუ არა მომავალი (და შეუქცევადი) რეჟიმის ცვლილება სისტემურ ცვლილებებს ამჟამინდელ პერსონიფიცირებულ ძალაუფლებაში და მოსკოვის საგარეო პოლიტიკაში. ჩემი აზრით, სულაც არ არის აუცილებელი, მოვლენები ამგვარად განვითარდეს. პირიქით, რეჟიმის ცვლილებამ შესაძლოა სისტემა გადაარჩინოს, კრემლში ახალი მხსნელის მოყვანით. ეს არის მოსალოდნელი, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის გადახრას ტრადიციული ღირებულებებისა და ძველი მენტალობისკენ, ასევე საზოგადოების დემორალიზაციას და ლიბერალური ალტერნატივის ნაკლებობას.

როგორ ფიქრობთ, რა გავლენა ექნება რუსეთზე დაკისრებულ სანქციებს მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?

დასავლურმა სანქციებმა (მაგნიტსკის სანქციები, სანქციები ყირიმის ოკუპაციისთვის, დონბასის ომისთვის და აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის) უკვე დაიწყო მოქმედება და კიდევ უფრო გააღრმავა რუსეთის რეცესია, რასაც ცხოვრების დონის შემცირება და ეკონომიკური მოდერნიზაციის შეფერხება მოყვა. შეიძლება დავასკვნათ, რომ სანქციების რეჟიმმა აიძულა კრემლი უფრო ფრთხილი გამხდარიყო და უბიძგა რუსეთის მმართველ გუნდს, რომ თავი შეეკავებინა ადრინდელი აგრესიული პოზიციისგან საერთაშორისო არენაზე. თუმცა, სხვა სანქციების მსგავსად, რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ვერ აიძულა კრემლი, რომ ფუნდამენტურად შეეცვალა საკუთარი საგარეო პოლიტიკა. ადგილობრივ დონეზე, რუსი რესპონდენტები კვლავ აცხადებენ, რომ კრემლმა თავის პოლიტიკაში უკან არ უნდა დაიხიოს, ხოლო ელიტა, როგორც ჩანს, არ აპირებს, რომ ვლადიმირ პუტინს განუდგეს.

სანქციების რეჟიმის გაგრძელება, შიდა პრობლემებთან ერთად, საბოლოოდ შეცვლის მათ დამოკიდებულებებს, მაგრამ ამ ეტაპზე, ვერ ვხედავ დასავლეთის ერთიანობას (განსაკუთრებით ევროპაში), რაც სანქციებს დამანგრეველ იარაღად აქცევდა. პირიქით, ე.წ. „კრემლის ანგარიში“, [რომელიც სანქციების აქტის შესაბამისად ტრამპის ადმინისტრაციამ იანვრის ბოლოს კონგრესს წარუდგინა და რომელიც პუტინთან დაახლოებული პოლიტიკური ფიგურებისა და ოლიგარქების 210-კაციან სიას შეიცავს – რედ.], ბევრმა ექსპერტმა ხუმრობად ჩათვალა. ამ ანგარიშს შეუძლია მხოლოდ დაარწმუნოს რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სანქციების რეჟიმს სერიოზულად არ ეკიდება. შედეგად, რუსული ელიტა შეეცდება, რომ დასავლეთის შემზღუდველ ზომებში ხვრელები მოძებნოს (როგორც ამას წინა წლებში აკეთებდა). თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სანქციების დაწესების საფრთხე შესაძლოა უფრო დამანგრეველი იყოს, ვიდრე რეალური სანქციები. ამაში ნამდვილად არის გარკვეული ლოგიკა, რასაც ჯეროვნად ვერ ვაფასებთ.
 
როგორ ფიქრობთ, გადადგამს თუ არა რუსეთი ახლო მომავალში ახალ აგრესიულ პოლიტიკურ და/ან სამხედრო ნაბიჯებს სამეზობლოში?

კრემლის პოლიტიკა იმ არაპროგნოზირებადი პირადი გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც ერთი კაცის განწყობას ეფუძნება და ასახავს მის წარმოდგენას სუსტი და ძლიერი მხარეების და, ზოგადად, მსოფლიოს შესახებ. რთულია მისი აზრების წაკითხვა, თუმცა კრემლის ხელწერა უცვლელი რჩება – მას სურს მშვიდობის დამყარება დასავლეთთან, მაგრამ იმავდროულად ახლო მეზობლების დაშინებას ცდილობს. ტრადიციული რუსული ტაქტიკები – „ესკალაცია დე-ესკალაციის მიზნით“, ან „მეგობრობის“ იძულება – კვლავ დღის წესრიგში რჩება. ამიტომ, ყველა შესაძლო განვითარებისთვის მზად უნდა ვიყოთ. 

თქვენი აზრით, არის თუ არა ამერიკის და ევროპის ამჟამინდელი პოლიტიკა საკმარისად მტკიცე რუსეთის საგარეო სტრატეგიასთან დასაპირისპირებლად? უნდა გააკეთონ თუ არა ამ კუთხით უფრო მეტი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა?
 
ამ მჯერა რუსეთთან „დაპირისპირების“ ეფექტურობის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გლობალიზებული ეკონომიკა რუსული ელიტის და რუსული ბიზნესის დასავლეთში ღრმა ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. დასავლურმა ინსტიტუტებმა, რა თქმა უნდა, დაიწყეს წესების გამკაცრება, მაგრამ ამ გამკაცრების თავიდან აცილება მარტივადაა შესაძლებელი იმ დასავლური ლობისტური ორგანიზაციების დახმარებით, რომლებიც რუსული ელიტის (ასევე ჩინეთის, ყაზახეთის და სხვა კლეპტოკრატიების) ინტერესებს იცავენ.   

ამერიკის ახალი უსაფრთხოების დოქტრინა და ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით მისი პოზიცია გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ ვაშინგტონი მზადაა გაზარდოს რუსეთის სამხედრო შეკავება, რაც კრემლისგან გამალებულ შეიარაღებას მოითხოვს და საბოლოოდ მის ეკონომიკას გაანადგურებს. თუმცა, არსებობს იმის ნიშნებიც, რომ არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც „კოლექტიური დასავლეთი“ არ არიან მზად იმ ნაბიჯებისთვის, რომლებიც მოსკოვს კუთხეში მოამწყვდევს. ამას გარდა, აშკარა ნიშნები არსებობს იმისა, რომ დასავლურ ისტებლიშმენტს ურჩევნია, რომ არ მოახდინოს კრემლის პროვოცირება. დასავლეთს ნაკლებად უნდა რეჟიმის ცვლილება ან სისტემის ნგრევა რუსეთში – ბირთვული სახელმწიფოს ნგრევა დასავლეთის გეგმებში ნაკლებად ზის. ასე რომ, დასავლეთის შეკავების პოლიტიკასაც გარკვეული საზღვრები აქვს.  

როგორც ამ მომენტში ჩანს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ნაკლები ყურადღება ექცევა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ვიდრე რუსეთის ქმედებებს უკრაინაში. თქვენი აზრით, რა არის ამ ტენდენციის მთავარი მიზეზი?

დასავლეთი ბევრად ნაკლებ ყურადღებას აქცევს უკრაინასაც. ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს: დასავლური საზოგადოება საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული, ხოლო დასავლური ისტებლიშმენტი დაიღალა იმ თავსატეხებით, რომელთა დაუყონებლივ გადაწყვეტაც შეუძლებელია. იმავდროულად, დასავლეთს არ უნდა კრემლის პროვოცირება: ევროპა არ ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართვისაკენ, ხოლო ტრამპის ამერიკა არცთუ ისე დაინტერესებულია რეგიონით.

მსგავსი/Related

Back to top button