Placeholder canvas
ახალი ამბებიინტერვიუ

ტოივო კლაარი ჟენევის დისკუსიების, სოხუმთთან და ცხინვალთან ჩართულობის შესახებ საუბრობს


ტოივო კლაარი. ფოტო: ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი

ტოივო კლაარი, ესტონელი დიპლომატი, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა.

კლაარი, რომელიც მანამდე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ცენტრალური აზიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ახალ რანგში რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე იქნება პასუხისმგებელი.

Civil.ge-მ ევროკავშირის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან ინტერვიუ მისი თბილისში ვიზიტის დროს ჩაწერა.

ცოტა ხნის წინ თქვენ სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნეთ. შეგიძლიათ სპეციალური წარმომადგენლის მუშაობის და ამ თანამდებობაზე კონკრეტულად თქვენი პრიორიტეტების შესახებ მოგვითხროთ? არის რაიმე კონკრეტული სფეროები, რაზეც მეტად გაამახვილებთ ყურადღებას ამ პოსტზე მუშაობის დროს?

ევროკავშირმა მრავალი წლის მანძილზე და, რა თქმა უნდა, ბოლო წლების განმავლობაშიც, სამხრეთ კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში დიდი ინვესტიცია განახორციელა. ეს გამოიხატა არა მხოლოდ საქართველოს განვითარებისთვის გამოყოფილ დახმარებაში, არამედ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და სადამკვირვებლო მისიის მეშვეობითაც. ამდენად, ევროკავშირი საქართველოს კონკრეტულ და მრავალმხრივ დახმარებას უწევს, რაც ქვეყნის მიმართ ჩვენს ერთგულებას ადასტურებს.

სპეციალური წარმომადგენლის ოფისის არსებობა ხაზს უსვამს ევროკავშირის დაინტერესებას კონფლიქტების დარეგულირებაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ჩემი როლი კი იმაში მდგომარეობს, რომ ფოკუსირებული ვიყო საქართველოში არსებულ კონფლიქტზე, დავეხმარო მხარეებს კონფლიქტის მოგვარებაში, ასევე ხელი შევუწყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს; გარდა ამისა, მე ევროკავშირს მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესშიც ვეხმარები. ასე რომ, როგორც ხედავთ, ჩვენს საქმიანობას უამრავი ასპექტი გააჩნია.

რაც შეეხება ჩემს კონკრეტულ პრიორიტეტებს, ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ახლის გამოგონებას ვაპირებ, რადგანაც ჩემი წინამორბედები ძალიან კარგ საქმეს აკეთებდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ დამოკიდებულები ვართ იმაზე, რამდენად ძლიერი იქნება მხარეთა სურვილი და უნარი, რომ წინ წასაწევად ახალი გზები ეძიონ.

რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჟენევის პროცესის საშუალებით. გასულ კვირას ქართველ კოლეგებს შევხვდით. მომავალ კვირას კი, აფხაზეთში ვაპირებთ გამგზავრებას. შევხედავთ, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ პროცესს ახალი დინამიკა შევძინოთ. ეს არის ის, რაზეც ჩემი წინამორბედები წლების მანძილზე მუშაობდნენ, და მე და ჩემი გუნდი აქ იმისთვის ვართ, რომ მხარეებს გამოსავლის მოძებნაში დავეხმაროთ. თუმცა, საბოლოო ჯამში, გამოსავლის მოძებნა დიდწილად ადგილობრივ აქტორებზეა დამოკიდებული. ევროკავშირს, ჩემი გუნდის მეშვეობით, შეუძლია მხარეებს პოლიტიკურად დაეხმაროს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მხარდაჭერა შეგვიძლია და მხარეებს გადაწყვეტილებას ვერ შევთავაზოთ.

სპეციალური წარმომადგენლის რანგში თქვენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ხართ ევროკავშირის მხრიდან. როგორია ევროკავშირის ოფიციალური პოლიტიკა საქართველოს კონფლიქტის მიმართ და ფიქრობთ, რომ ის ეფექტურია იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლის წინაშეც საქართველო დგას?

ევროკავშირს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს. ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია და ეს პირველივე დღიდან ჩვენი მკაფიო პოზიციაა. ამავდროულად ჩვენ გვაქვს სეპარატისტული რეგიონების არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკა, რის განვითარებასაც ჩვენ ვცდილობთ, თუმცა არ გვავიწყდება პირველი პრინციპი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და რომ ევროკავშირი ამ პრინციპის ერთგულია.

რაც შეეხება ჩართულობას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებულ პოზიციებს. ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ იმისათვის, რომ ჩართულობამ იმუშაოს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუსმინო, რათა მოგვარდეს უსაფრთხოებასთან, მოსახლეობის კეთილდღეობასთან, თავისუფალ გადაადგილებასთან, გარემოს დაცვასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა გადაჭრაც შეუძლებელია ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მხოლოდ ერთ მხარეს. პრობლემები, რომელიც ყველას ეხება, ყველას მხრიდან მოითხოვს პრაგმატულობას. მაგალითად, თუ ერთი მხარე ფაროსანას პრობლემის წინაშე დგას და ამ საკითხს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მხოლოდ ერთ მხარეს მიხედავს, ეს პრობლემა კვლავ დაბრუნდება. ეს არ მოუტანს შვებას იმ გლეხებს, რომლებიც სარჩოს მოსაპოვებლად ძალიან ბევრს შრომობენ. ამიტომ, მუშაობა ორივე მხარესაა საჭირო.

კოორდინირებულად მუშაობის შედეგად, ბევრი რამის გაკეთებას მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, არსებობს ნიუანსები, რისი გაკეთება არის საჭირო და რისი გაკეთება – არა. მაგრამ ზოგადად, უამრავი სფერო არსებობს, სადაც საერთო შეხედულება გვაქვს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებებთან ჩართულობას სარგებელი მოაქვს. ეს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობების და, ზოგადად, საქართველოს ინტერესებში შედის.

ძალის გამოუყენებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება ორი ძირითადი საკითხია, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე განიხილება. ბოლო დროს მიღწეულ იქნა თუ არა რაიმე პროგრესი ამ ორ საკითხზე, და თუ არა – როგორც ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ამ ორ საკითხზე წინ წავიწიოთ? ზოგი იმასაც ამბობს, რომ ბოლო დროს დისკუსიები ჩიხში შევიდა.   

ვერ ვიტყოდი, რომ დისკუსიები ჩიხშია შესული. ზოგადად, ჟენევის ფორმატი გარკვეულწილად არასწორადაა აღქმული. ეს ნაწილობრივ იმიტომაც ხდება, რომ მოლაპარაკებათა პროცესს არ ახლავს მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც მედია თვალშისაცემი სათაურებით გაშუქდებოდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის იარსებებს იმის არგუმენტი, რომ სხვადასხვა საკითხზე უფრო მეტი პროგრესის მიღწევა იყო შესაძლებელი, მაგრამ ამავდროულად ჟენევა ერთადერთი ოფიციალური ფორუმია, სადაც საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლები იკრიბებიან და რომელსაც ესწრებიან აფხაზები და ოსები, ასევე ამერიკელები, ევროკავშირი, ეუთო და გაერო. ჟენევა მნიშვნელოვანი ფორუმია და უზრუნველყოფს სივრცეს იმ დისკუსიებისა და მოლაპარაკებებისთვის, სადაც შეიძლება ნებისმიერი საკითხის განხილვა, მათ შორის, ისეთისაც, რომელიც ოფიციალური დღის წესრიგში არ შედის. ამდენად, ჟენევა თუნდაც მხოლოდ ამ ერთი მიზეზის გამოა სასარგებლო.

რაც შეეხება კონკრეტულ თემებს – დავიწყოთ დევნილების საკითხით; რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ არიან მოლაპარაკების მონაწილეები, რომელთაც არ სურთ ამ საკითხის განხილვა. მიგვაჩნია, რომ დევნილთა საკითხზე მხარეთა ჩართულობა საჭიროა, რადგანაც ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ განვაგრძობთ ამ საკითხის დაყენებას და ვიმედოვნებთ, რომ რაღაც ეტაპზე ამ მიმართულებით მხარეთა რეალურ ჩართულობას მივაღწევთ.

რაც შეეხება,  ძალის გამოუყენებლობის საკითხს, აქ გარკვეული წინსვლა გვაქვს. ბოლო დროს, მხარეებმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების საკითხზე პოზიციების დაახლოება შეძლეს, თუმცა ძალის გამოუყენებლობა არ უნდა განვიხილოთ იზოლირებულად. ეს საკითხი უფრო ფართო პაკეტის ნაწილია.  ჩვენ უნდა შევხედოთ, როგორ შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი ძალის გამოუყენებლობა. ამიტომ, ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადებაზე შეთანხმების შემთხვევაში, ჟენევის მოლაპარაკებებზე ჩვენ მომდევნო ნაბიჯისკენ წავიწევთ, რაც გულისხმობს შეთანხმებას იმის შესახებ, თუ რა ტიპის უსაფრთხოების მექანიზმები შეუწყობს ხელს ძალის გამოუყენებლობას და გააჩენს უფრო მეტ ნდობას.

ამდენად, საერთო ჯამში, ვერ ვიტყოდი, რომ ჟენევის დისკუსიები შეფერხებულია. ის ისე სწრაფად არ მიიწევს წინ, როგორც ეს ზოგს სურს, თუმცა ვფიქრობ, რომ გარკვეული პროგრესი შეინიშნება.

უსაფრთხოების კუთხით ადგილზე არსებული ვითარება კვლავ მყიფეა: რუსეთი უარს აცხადებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აქტიურ მილიტარიზაციას ახორციელებს; ოკუპირებულ რეგიონებში გრძელდება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები. რა წუხილები გაგაჩნიათ რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით?

მას შემდეგ, რაც 2014 წელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტი დავტოვე, როგორც სამხრეთ ოსეთში, ისე აფხაზეთში რიგითი მოქალაქეებისთვის სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. გადაადგილების უფლება კიდევ უფრო შეზღუდულია. მშობლიურ ენაზე განათლების მიღება კიდევ უფრო გაძნელდა. ეს სწორედ ის სერიოზული საკითხებია, რომლებსაც ჩვენ კოლეგებთან ერთად სოხუმსა და ცხინვალში, ასევე მოსკოვში განვიხილავთ.

განსაკუთრებით მაწუხებს, რომ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლიათ. ამ წუხილს ვერ აქარწყლებს სოხუმში და რუსეთში ჩვენი თანამოსაუბრეების არგუმენტი, რომ, მდინარე ენგურზე გამშვების პუნქტების დახურვის შემდეგ, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ადმინისტრაციულ საზღვრის გადაკვეთდა, არ შემცირებულა. ეს შესაძლოა მართალიც იყოს, მაგრამ საიდან ვიცით, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე იგივე ხალხი გადადის? მდინარე ენგურის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა აქამდე ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას მარტივად ახერხებდა. ახლა მათ უჭირთ სახსრების მოძიება, რომ ენგურის ხიდამდე ავტობუსით იმგზავრონ, შემდეგ კი, შემოვლითი გზით თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ.

გამშვები პუნქტების დახურვა რეალურ პრობლემებს უქმნის რიგით მოქალაქეებს, ადგილობრივ გლეხებს, სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს კვეთდნენ და სკოლაში სასაზღვრო ზოლის მეორე მხარეს დადიოდნენ. მოსწავლეები ამას ახლა ვეღარ ახერხებენ და რომც შეეძლოთ ენგურის ხიდის გადაკვეთა, ყოველდღიურად ამაში ძალიან ბევრი დროის დახარჯვა მოუწევთ. ამიტომ, მათ ან ოჯახებთან განშორება უხდებათ, რადგანაც სწავლის გამო თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენა უწევთ, ან ვეღარ დადიან იმ სკოლებში, სადაც ადრე სწავლობდნენ. გალის რაიონის სკოლებში არსებული ვითარებაც არ არის სახარბიელო. ქართულად სწავლების შესაძლებლობა შეზღუდულია, რაც რეალურ პრობლემას წარმოადგენს. ეს ვითარება თავისთავად არ შექმნილა. ეს ხდება იმ კონკრეტული გადაწყვეტილებების წყალობით, რომელიც სოხუმმა და რუსეთის ხელისუფლებამ მიიღეს. მიმაჩნია, რომ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს და რომ ამას არანაირი გამართლება არ აქვს.

ყველა ამ საკითხზე ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ დე ფაქტო ხელისუფლებებთან ჩვენი შეხვედრების დროს და ჩვენმა მუშაობამ შედეგები გამოიღო; ისეც არ გვაქვს საქმე, რომ ჩვენს განცხადებებს შედეგები არ მოაქვს. გვაქვს გარკვეული პასუხები აფხაზი კოლეგების მხრიდან, რომლებთანაც ახალი ბინადრობის ნებართვების საკითხი დავაყენეთ და განვაცხადეთ, რომ ეს ნებართვები ძალიან შემზღუდველი იყო და გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე დიდ ზეწოლას ახდენდა.

ამას გარდა, ჩვენ ასევე დავაყენეთ გალში მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხი და ამ საკითხზეც გარკვეული პროგრესი შეინიშნება. მართალია ჯერ ჩვენთვის სასურველი შედეგებისთვის სრულად არ მიგვიღწევია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს ეტაპობრივად დაგვეხმარება აფხაზეთში განათლების კუთხით არსებული ზოგადი სიტუაციის, ასევე ქართულენოვანი ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

რა წუხილები გაქვთ ორ რეგიონში და მის გარშემო უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით? და ამ კუთხით, შეგიძლიათ გვითხრათ ევროკავშირის პოზიცია გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე?

დიახ, უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია ადგილზე ყოველთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. წარსულში ყოფილა მკვლელობები, გატაცებები და სხვა შემაშფოთებელი შემთხვევები. 2012 წლის შემდეგ სიტუაცია სერიოზულად დასტაბილურდა, მაგრამ ზოგჯერ ცალკეული სერიოზული ინციდენტები კვლავაც ხდება. 2016 წელს აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, ასევე – ის ფაქტი, რომ დამნაშავე პასუხისგებაში არ მიეცა, უბრალოდ მიუღებელია. ამას არასტაბილურობა მოაქვს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე, არამედ თავად რეგიონებში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ორივე რეგიონის მოსახლეობა ისევე იყოს დაცული და სარგებლობდეს კანონის უზენაესობით, როგორც ამას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ახერხებს.

ამ კონფლიქტის გაგრძელება – და უნდა გვახსოვდეს, რომ ის უკვე 25 წელია მიმდინარეობს – უზარმაზარი გამოწვევაა ადგილობრივებისთვის, რიგითი ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ, რისი სრული უფლებაც აქვთ. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ნებისმიერ იმ ნაბიჯს, რომელიც დაეხმარება კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს, ნორმალურად იცხოვრონ და თავიანთ საქმეებს მიხედონ. მიუღებელია ადამიანების დაკავებები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე როგორც სამხრეთ ოსეთში, ისე აფხაზეთში. ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანები მიდიან ბოსტანსა თუ ყანაში, რომელსაც ათწლეულებია ამუშავებენ, და უცებ ვიღაც გამოხტება და იარაღს უშვერს მათ. ეს საშინელი სიტუაციაა ადგილობრივებისთვის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ყველა მხარეს და ჩვენ ამ საკითხს მუდმივად ვაყენებთ ჟენევაში, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე. ეს უბრალოდ მიუღებელია და ამას არანაირი გამართლება არ აქვს.

ამას გარდა, ასევე ირღვევა საკუთრების უფლებებიც. მოსახლეობას არ აქვს წვდომა საკუთარ ქონებაზე, იქნება ეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომლის დამუშავებაც არ შეუძლიათ, თუ სახლები, სადაც ისინი ვეღარ მიდიან. ეს ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევებია და ის საკითხებია, რასაც სოხუმში, ცხინვალსა თუ მოსკოვში შეხვედრებზე ვაყენებთ.  

მსგავსი/Related

Back to top button