ლიტვის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სტუმრობს


საულიუს სკვერნელისი და გიორგი კვირიკაშვილი, 29 იანვარი, 2018. ფოტო: gov.ge

ლიტვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი, რომელიც 28-30 იანვარს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, დღეს თავის ქართველ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილს, ასევე საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

ორმხრივი მოლაპარაკებების დროს, საულიუს სკვერნელისმა და გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განახლებადი ენერგიის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. განხილულ იქნა ანაკლიისა და კლაიპედას პორტებს შორის სატრანსპორტო კავშირების დამყარების, ასევე თბილისსა და ვილნიუსს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობები. 

მოლარაპაკებების დასრულების შემდეგ, საულიუს სკვერნელისმა განაცხადა, რომ ლიტვა ყოველთვის თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ლიტვა  საქართველოს „უახლოეს მოკავშირესა და მეგობარს“ წარმოადგენს. მისივე განცხადებით, „ფასდაუდებელია ლიტვის წვლილი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. უაღრესად მნიშვნელოვანია ლიტვის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მიმართაც“.

დღესვე  საულიუს სკვერნელისმა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან გამართა. ლიტვის პრემიერ-მინისტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, საულიუს სკვერნელისმა მაღალი შეფასება მისცა ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას და მხარდაჭერა გამოხატა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მიმართ. 

დღის ბოლოს, ლიტვის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესაც შეხვდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 30 იანვარს საულიუს სკვერნელისი ფრეზეთის დევნილთა დასახლებას მოინახულებს და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება.

Exit mobile version