აშშ გმობს რუსეთის სამხედრო შეთანხმებას ცხინვალთან

„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებთან გაერთიანებული სამხედრო ძალების შესახებ გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირებას“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰეზერ ნაუერტმა 26 იანვარს.

„ჩვენ არ ვაღიარებთ ლეგიტიმურად ამ ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ურყევი“ პოზიცია აქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე: „აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ „ამ შეთანხმების რატიფიცირება არ შეესაბამება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პრინციპებს“ და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, საკუთარი შეიარაღებული ძალები 2008 წლის ომამდე არსებული პოზიციებზე დააბრუნოს და გააუქმოს გადაწყვეტილება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე.

შეთანხმების მიზანი, რომელსაც 2017 წლის 31 მარტს მოსკოვში მოეწერა ხელი და რომლის რატიფიცირებაც რუსეთის სახელმწიფო დუმამ სამი დღის წინ მოახდინა, არის ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლების მიერ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, კერძოდ კი სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე სამხედრო სამსახურის გავლის საკითხების რეგულირება.

შეთანხმება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის წესების შესახებ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების ნაწილია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 2015 წლის 18 მარტს მოაწერეს ხელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო შეთანხმების რატიფიცირება და განაცხადა, რომ ის წარმოადგენს „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“.

Exit mobile version