საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ცხინვალთან დადებული სამხედრო შეთანხმების რატიფიცირებას

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის დადებული სამხედრო შეთანხმების რატიფიცირებას, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დუმამ 24 იანვარს განახორციელა. 

დოკუმენტის რატიფიკაცია, რომელიც გზას გაუხსნის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლას, წარმოადგენს „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 24 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოსკოვი კვლავაც უხეშად არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ასევე – უარს აცხადებს, აიღოს და შეასრულოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და მიზანმიმართულად უშლის ხელს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას.

„მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ხელი შეუშალოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევას. მეტიც, რუსეთის ქმედებები ზიანს აყენებს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას და მიმართულია მთელს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისაკენ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, „სათანადოდ შეაფასოს რუსეთის შორს მიმავალი აგრესიული პოლიტიკა და ქმედითი ზომები მიიღოს, რათა წინ აღუდგეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესებს“.

Exit mobile version