პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში


პოლიტიკური რეიტინგები, დეკემბერი, 2017. წყარო: NDI-ის კვლევა

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებიდან დაახლოებით ერთ თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ყველაზე ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს და რესპონდენტების 31% აცხადებს, რომ ეს პარტია მათთან „ყველაზე ახლოს მდგომია“, ნაციონალურ მოძრაობას ასეთად რესპონდენტების 10% ასახელებს.

გამოკითხვა, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა აწარმოა 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში და იმ ფართო კვლევის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 298 რესპოდენტი გამოიკითხა და რომლის ცდომილების ზღვარიც +/-1.9 %-ს შეადგენს.

კვლევის თანახმად, რესპონდენტების 17%–მა ან უარი თქვა პასუხზე ან განაცხადა, რომ არ იციან, რომელი პარტია დგას მათთან ახლოს. რესპონდენტების 30%–მა ამ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „არც ერთი პარტია“ არ დგას მათთან ახლოს. რესპონდენტთა 4%-მა ევროპული საქართველო დაასახელა, პატრიოტთა ალიანსი – 3%-მა, ხოლო 6%-მა სხვა პარტიებზე მიუთითა.

ივნისის ანალოგიურ კვლევაში, მმართველი პარტია, რომელმაც ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემით ხმების 55.81% მიიღო, რესპონდენტების 23%–მა დაასახელა მათთან ახლოს მდგომ პარტიად; შემდეგ მოდიოდა ნაციონალური მოძრაობა – 9%-ით, რომლის საარჩევნო შედეგიც 17.08%-ს შეადგენს; ევროპულ საქართველოს, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებზე 10.4% მიიღო, ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად რესპოდენტთა 4% ასახელებდა. ამდენივე რაოდენობის რესპონდენტი ახლოს მდგომ პარტიად მიიჩნევდა პატრიოტთა ალიანსს, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებზე ხმათა 6.56% მიიღო. 

მსგავსი მონაცემებია კითხვაზე „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას“. გამოკითხულთა 27% ქართულ ოცნებას ასახელებს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – 10%, ევროპულ საქართველოს – 3%, სხვა პარტიებს კი – 7%. რესპონდენტთა 24% არცერთ პარტიას მისცემდა ხმას, ხოლო 15% კი ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მიანიჭებდა უპირატესობას. 

„როგორც ჩანს, მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ამომრჩევლები, ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში არიან. ისინი ელიან თუ როდის შესთავაზებენ პარტიები დამაჯერებელ იდეებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განსხვავდებიან სხვა პარტიებისგან და როგორ აპირებენ უკეთესი შედეგების მიღწევას. მანამდე კი, პარტიების მხარდაჭერის მონაცემებში დიდ ცვლილებებს ნაკლებად უნდა ველოდოთ,” – განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა.

NDI-ის კვლევაში მოცემულია საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შეფასებაც. კითხვაზე თუ რას მოელიან პარლამენტის წევრისგან, 75% პასუხობს, რომ დეპუტატი გააკეთებს იმას, რასაც პარტია ეტყვის, 55% მისი რჩეულისგან აქტიურობას ელის, ამდენივე რაოდენობის რესპონდენტი ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრი მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს, გამოკითხულთა 41%-ს კი ჰგონია, რომ ის ამომრჩევლის ინტერესებსაც გაუწევს ლობირებას. 

კითხვაზე „ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში“, სწორი პასუხი რესპონდენტთა მხოლოდ 26%-მა გასცა, 14%-მა არასწორად უპასუხა, 59%-მა კი მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა არ იცის. 

კვლევაში წარმოდგენილია მონაცემები მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან რესპონდენტთა დამოკიდებულების შესახებ. გამოკითხვის თანახმად, 2017 წლის 26 სექტემბერს პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ინფორმირებული რესპონდენტთა მხოლოდ 25% აღმოჩნდა. ამდენივე გამოკითხულმა იცოდა, რომ 2016 წლის დეკემბერში პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისია შექმნა.

მათგან, ვისაც საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სმენია, მხოლოდ 6% აცხადებს, რომ ცვლილებები მოქალაქეთა შეხედულებებს სრულად შეესაბამება, 60% ფიქრობს, რომ ცვლილებები მოქალაქეთა შეხედულებებს – ნაწილობრივ, ხოლო 18% ამბობს, რომ საერთოდ არ ასახავს. 

კვლევაში მოცემულია რესპონდენტთა მოსაზრებები პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისა და პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღების შესახებ. გამოკითხვის თანხმად, კვოტირების იდეას რესპონდენტთა 63% ემხრობა.

Exit mobile version