საქართველოს და ლატვიის პარლამენტებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი


ირაკლი კობახიძე და ინარა მურნიეცე, 16 იანვარი, 2018. ფოტო: saeima.lv

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც 15-17 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ლატვიას სტუმრობს, თავის კოლეგას ინარა მურნიეცეს, ასევე ლატვიის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს, ედგარს რინკევიჩს და არვილს აშერადენსს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრეს. კობახიძემ მადლობა გადაუხადა მურნიეცეს ლატვიის პარლამენტის მიერ საქართველოს მხარდაჭერის გამო.

მურნიეცემ გამოიყენა შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს დასავლური მისწრაფებების, ასევე მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

კობახიძემ და მურნიეცემ ხელი მოაწერეს მემორუნდუმს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის სეიმს შორის. მემორანდუმი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებას, საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებში კოორდინირებულ თანამშრომლობასა და პარლამენტების აპარატების თანამშრომლებისთვის გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას ითვალისწინებს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მურნიეცემ საქართველო-ლატვიის თანამშრომლობას „ღირებულებებზე დამყარებული“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი ფოკუსი არის მისწრაფება დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ასევე, ჩვენი კულტურული ღირებულებები და კავშირები“. სეიმის სპიკერმა საქართველოს მომავალშიც აღუთქვა ლატვიის „მტკიცე“ მხარდაჭერა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედგარს რინკევიჩსთან შეხვედრაზე, კობახიძემ ლატვიას „გამორჩეული და ერთგული მეგობარი“ უწოდა და მასთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული „მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა“ განიხილა.

რინკევიჩსმა დადებითად შეაფასა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის ნოემბრის სამიტი და ხაზი გაუსვა სამიტზე მიღებული დოკუმენტის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ მნიშვნელობას ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის რეალური თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში. მან ასევე მოუწოდა საქართველოს, რომ განაგრძოს რეფორმების პროცესი, „განსაკუთრებით მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის და ეკონომიკის სფეროებში“.

ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა არვილს აშერადენსმა განაცხადა კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, რომ მათ განიხილეს ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, ასევე მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის გაუმჯობესების გზები, იტყობინება საქართველოს პარლამენტი.

ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდა ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ინეტა ზიემელეს. ვიზიტის ბოლოს მან ლატვიის პრეზიდენტთან, რაიმონდს ვეიონისთან გამართა მოლაპარაკებები.

Exit mobile version