სუს-მა ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ახმეტის რაიონის კიდევ ერთი მკვიდრი დააკავა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღეს დაკავებული ზურაბ იდოიძე, მანამდე დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად, თურქეთის ქალაქ ხოფაში ჩავიდა ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.

„დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი  დროებითი საცხოვრებელი ბინიდან  მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს და სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Exit mobile version