Placeholder canvas
ახალი ამბები

პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, 8 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თავისი საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე, დანიშნა. ოთხწლიანი უფლებამოსილების განხორციელებას ანა დოლიძე 17 იანვრიდან შეუდგება და საბჭოში პრეზიდენტის კვოტით დანიშნულ წევრს, ვახტანგ მჭედლიშვილს, შეცვლის. 

საბჭოს ახალი წევრის წარდგენისას, მარგველაშვილმა სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე და მართლმსაჯულების სისტემის როლზე ისაუბრა. 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა რჩება იმ აქილევსის ქუსლად, რომელიც პრობლემად გასდევს ფაქტობრივად ყველა ხელისუფლებას“. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისათვის შექმნილი ორგანო, კიდევ უფრო გამჭირვალე და ეფექტური უნდა გახდეს, რისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორც საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, ისე ამ სისტემაში პროფესიონალი და პრინციპული ადამიანების არსებობა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დოლიძის წარდგენისას, მარგველაშვილმა ანა დოლიძეს „უაღრესად კვალიფიციური, მამაცი და ქვეყნის უზენაესი ღირებულებების ერთგული იურისტი“ უწოდა. თავის მხრივ, ანა დოლიძემ ახალ თანამდებობაზე თავის პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელთა შორისაც სწრაფი მართლმსაჯულება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „გახსნილობის და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა“, ასევე „სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის გაზრდა“ დაასახელა.

ანა დოლიძე 2004 წლიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თავმჯდომარეობდა, 2006 წლიდან კი აქტიურად იყო ჩართული კამპანიაში, რომლის მთავარი მოთხოვნა სანდრო გირგვლიანის საქმეში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნების დასჯა იყო. 2007 წლიდან მან აშშ-ში განაგრძო სწავლა, სადაც შემდგომში სხვადასხვა უნივერსიტეტებში ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 2015 წლის მაისში დოლიძე მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მოადგილედ დაინიშნა. 2016 წლის თებერვალში, მარგველაშვილმა ანა დოლიძის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარადგინა, თუმცა იმავე წლის ივნისში პარლამენტმა მისი კანდიდატურა ჩააგდო, რის შემდეგაც ანა დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დაიკავა. 2016 წელს დოლიძე ევროსასამართლოში წარსადგენი მოსამართლის კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა საქართველოს მთავრობამ ის კანდიდატთა საბოლოო სამპირიან სიაში არ ჩასვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ახალი წევრის დანიშვნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გამოეხმაურა. „სამწუხარო მოვლენაა ზოგადად ის, რომ იმ თანამდებობებზე, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ თანამდებობებს… პრეზიდენტი რეგულარულად წარადგენს თავის თანამშრომლებს. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.  

იუსტიციის უმაღლესმა საბჭო, რომელიც სასამართლო სისტემის მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა, 15 წევრისგან შედგება. საბჭოში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული რვა მოსამართლე წევრი, ასევე – ექვსი არამოსამართლე წევრი, რომელთაგან ხუთს – საქართველოს პარლამენტი ირჩევს, ერთს კი – საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს.

ბოლო წლებში, საბჭოს გადაწყვეტილებები მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე არაერთხელ გამხადრა სამოქალაქო სექტორის მწვავე კრიტიკის ობიექტი.

მსგავსი/Related

Back to top button