2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია


პარლამენტის პლენარული სხდომა, ქუთაისი, 13 დეკემბერი, 2017. ფოტო: parliament.ge

საქართველოს პარლამენტმა 13 დეკემბერს, 111 ხმით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი შემუშავდა იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რაც დეპუტატებმა გადამუშავებული პროექტის (2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე ვარიანტის) განხილვისას გამოთქვეს. 2018 წლის ბიუჯეტში ასევე ასახულია მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმაც, რომელიც რამდენიმე სამინისტროს შერწყმას ითვალისწინებს. 

მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობები 12.44 მლრდ ლარით განისაზღვრება, რაც გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით 48 მლნ ლარით მეტია, და თითქმის 1 მლრდ ლარით აჭარბებს 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2018 წლის ბიუჯეტში, მთავრობა საგადასახადო შემოსავლების სახით 9.49 მლრდ ლარის მობილიზებას გეგმავს, მათ შორის, საშემოსავლო გადასახადიდან – 2.78 მლრდ ლარს, მოგების გადასახადიდან – 630 მლნ ლარს, დღგ-დან – 4.4 მლრდ ლარს, აქციზიდან – 1.45 მლრდ ლარს, იმპორტის გადასახადიდან – 60 მლნ ლარს, ხოლო სხვა გადასახადებიდან – 170 მლნ ლარს ელის. 

2018 წლის ბიუჯეტი გრანტების სახით 414 მლნ ლარს მიიღებს, რაც 79 მლნ ლარით მეტია წინა ვარიანტთან შედარებით და 83 მლნ ლარით აჭარბებს 2017 წლის მაჩვენებელს. 2017 წელთან შედარებით 25 მლნ ლარით იზრდება „სხვა შემოსავლებიც“, რომელიც 410 მლნ ლარით განისაზღვრება. 

მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ს შეადგენს, ინფლაციის მაჩვენებელი კი 3.5%-ის ფარგლებში განისაზღვრება. ამასთან, აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსი 2.5 ნიშნულზეა გაანგარიშებული.

2018 წლის საბიუჯეტო ასიგნებები 12.45 მლრდ ლარით განისაზღვრება, რაც გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით 56.2 მლნ ლარით მეტია, და 739 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს. 

2018 წლის ბიუჯეტის თანახმად, სამინისტროები შემდეგ დაფინანსებას მიიღებენ:

2017 წელთან შედარებით, უცვლელი რჩება დაზვერვის სამსახურის დაფინანსება, რომელიც 13.5 მლნ ლარით განისაზღვრება. ამასთან, მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის თავდაპირველი გეგმით, ამ უწყების გაერთიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან იგეგმებოდა, რის შედეგადაც 2018 წელს სუს-ის ბიუჯეტი 137.5 მლნ ლარამდე იზრდებოდა. 

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 4 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რომლითაც ორი უწყების შერწყმის გეგმა გაუქმდა, 2018 წლის ბიუჯეტში, დაზვერვის სამსახური კვლავაც „ცალკე მხარჯავ სუბიექტად“ განისაზღვრება. მინისტრს არ დაუზუსტებია სუს-ის მომავალი წლის დაფინანსება. 2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში, რომელიც დეპუტატებს ოქტომბრის ბოლოს წარედგინათ, სუს-ის დაფინანსება 123 მლნ ლარით იყო განსაზღვრული.

ახალი უწყება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრთან არსებული კრიზისების მართვის საბჭოს და შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შერწყმის შედეგად ყალიბდება, 2018 წელს 82 მლნ ლარს მიიღებს. 

2017 წელთან შედარებით, 2018 წელს უცვლელი რჩება პარლამენტის (52 მლნ ლარი), მთავრობის ადმინისტრაციის (16.5 მლნ ლარი), საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის (9.8 მლნ ლარი) და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის (5 მლნ ლარი), ასევე – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (14.5 მლნ ლარი) დაფინანსება. ამასთან, მთავრობის სარეზერვო ფონდი 10 მლნ ლარით იზრდება და 50 მლნ ლარს აღწევს. 

2018 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება, 2017 წელთან შედარებით, 7 მლნ ლარით იზრდება და 67 მლნ ლარს აჭარბებს. აქედან 40 მლნ ლარზე მეტი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებას მოხმარდება. 

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, 2018 წელს საერთო სასამართლოები მიიღებენ 71.1 მლნ ლარს; უზენაესი სასამართლო – 8.4 მლნ ლარს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო  – 4.15 მლნ ლარს.

2017 წელთან შედარებით, 700 ათასი ლარით მეტს მიიღებს სახალხო დამცველის აპარატი და მისი დაფინანსება 5.5 მლნ ლარს მიაღწევს. 

2017 წელთან შედარებით, თითქმის 6.1 მლნ ლარით იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაც და 2018 წლისათვის 52.5 მლნ ლარს შეადგენს. 

საქართველოს საპატრიარქო კი, 2018 წელს კვლავაც 25 მლნ ლარის ოდენობის საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს.

2018 წლის ბიუჯეტის თანახმად, სამხარეო ადმინისტრაციების დაფინანსება 2017 წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელი დარჩება და 6.13 მლნ ლარით განისაზღვრება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა კი, თითქმის 93 მლნ ლარით იზრდება და 768 მლნ ლარს შეადგენს. 

საპარლამენტო ოპოზიციამ 2018 წლის ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.

Exit mobile version