ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 7.25%-მდე გაზარდა ინფლაციის მზარდ მაჩვენებელზე რეაგირების მიზნით და  აღნიშნა, რომ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების ზომა და ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ „რამდენად სწრაფად შემცირდება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ფასებზე მომდინარე ზეწოლა“.

ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ, რომელიც 25 ოქტომბერს გაიმართა, „საგრძნობლად გაუფასურდა“ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რამაც, წინა პროგნოზთან შედარებით, გაზარდა ზეწოლა ინფლაციაზე (ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9% შეადგინა).

ბანკმა ასევე მიუთითა ბოლო ორი თვის მანძილზე ინფლაციური მოლოდინების ზრდაზე და დასძინა, რომ ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესება „ასუსტებს მოთხოვნის მხრიდან ინფლაციის შემცირების შესაძლებლობას“.

ბანკის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლის დასაწყისიდან, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, შემცირებას დაიწყებს.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი  ეტაპობრივად, 2015 წლის დასაწყისში არსებული 4%–დან წლის ბოლოსთვის 8%–მდე გაიზარდა.

2016 წლის პირველი სამი თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი 8%–ზე უცვლელი რჩებოდა, ხოლო აპრილიდან მისი ეტაპობრივი შემცირება დაიწყო და სექტემბრიდან 2017 წლის იანვრამდე 6,5%-ზე უცვლელად რჩებოდა. 25 იანვარს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6,75%-მდე, ხოლო 2 მაისს 7%-მდე გაზარდა. 14 ივნისს, 26 ივლისს და 25 ოქტომბერს გამართულ სხდომებზე ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა.   

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.

Exit mobile version