კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’

საქართველოს პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ, როგორც ამას ცოტა ხნის წინ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს, ძალაში რჩება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 11 დეკემბერს. 

ამ განცხადებამდე ორი კვირით ადრე კობახიძემ პირველად აღნიშნა, რომ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიმდინარე პროცესის ფარგლებში, ქართული ოცნება იმსჯელებს იმაზე, რომ პრეზიდენტი იყოს არჩეული მხოლოდ პარლამენტის მიერ, ნაცვლად საარჩევნო კოლეგიისა, რომელშიც, პარლამენტის წევრებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა მაშინ, რომ „თვითმმართველობის არჩევნები არის ადმინისტრაციული დონის არჩევნები, შესაბამისად, პრინციპულად, არ არის მაინცდამაინც სწორი, ადმინისტრაციული დონის არჩევნების გამოყენება პოლიტიკური ტიპის არჩევნებისთვის, როგორიც არის საპრეზიდენტო არჩევნები“. „იურიდიულად, რა თქმა უნდა, უფრო სწორია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა“, – დასძინა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ 11 დეკემბერს კიდევ ერთხელ გაიმეორა საკუთარი პოზიცია, რომ სისტემას ხარვეზები გააჩნია და განაცხადა, რომ „ინსტიტუციური, სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით უმჯობესი იქნებოდა, რომ სუბიექტი ყოფილიყო პარლამენტი“. თუნცა მან იქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი, რომელიც კონსტიტუციაში აისახა, „ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისია“ და ამიტომ ის „რჩება ძალაში“.

„მე პირადად მიმაჩნდა, რომ საპარლამენტო არჩევის წესი იქნებოდა უფრო სწორი ამ სისტემაში, რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციით, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ ავწონ-დავწონეთ როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური მხარეები ამ ყველაფრის და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ აისახოს ასეთი ცვლილება კონსტიტუციურ კანონში“, – განმარტა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე და საბოლოო მოსმენით 26 სექტემბერს მიიღო, რის შედეგადაც პრეზიდენტის არჩევის წესი პირდაპირიდან არაპირდაპირი წესით შეიცვალა.

2 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის ახალი რაუნდი დაიწყო, ახალ კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვის მიზნით.

 

Exit mobile version