Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შვედეთს სტუმრობს


ირაკლი კობახიძე და ურბან ალინი, 6 დეკემბერი, 2017. ფოტო: parliament.ge

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით შვედეთს სტუმრობს. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ხელმძღვანელობს, რომელმაც უკვე გამართა შეხვედრა შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგის) თავმჯდომარესთან, ურბან ალინთან და სხვა დეპუტატებთან.

შვედეთის პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები განიხილეს და დასძინა, რომ ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა შვედ კოლეგებს მხარდაჭერისთვის ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. 

6 დეკემბერს ირაკლი კობახიძე შვედეთის მეფე კარლ გუსტავ XVI-ს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შვედეთის მეფემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.

გუშინ კობახიძემ ასევე გამართა შეხვედრა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარგოტ ვალსტრომთან. ირაკლი კობახიძემ მინისტრს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილი ვითარება გააცნო. მან ხაზი გაუსვა შვედეთის როლს საქართველოს დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერის საქმეში.

5-8 დეკემბრის ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ასევე გამართავს შეხვედრებს შვედეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მდივანთან, ჰანს დალგრენთან; ევროპულ საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანთან, ოსკარ სტენსტრომთან, და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორთან, კარინ იამტინთან.

მსგავსი/Related

Back to top button