მერის არჩევნების მეორე ტურების უმრავლესობა ქართულმა ოცნებამ მოიგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ 12 ნოემბერს ჩატარებული მერის არჩევნების მეორე ტურები ექვსიდან ხუთ  მუნიციპალიტეტში მოიგო.

ქართული ოცნების მერობის კანდიდატებმა დამაჯერებელი გამარჯვება ბორჯომის, ყაზბეგის, ხაშურის, ქუთაისისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში მოიპოვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კი არჩევნები დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიგო. 

ბორჯომში, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ, ხმების 55.22%-ით, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე დაამარცხა, რომელმაც 44.78% მიიღო. ყაზბეგში კი, მმართველი პარტიის კანდიდატმა ალექსანდრე ზაგაშვილმა, ხმების 68.65%-ით, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს კანდიდატი სანდრო ყამარაული დაამარცხა, რომელსაც ამომრჩეველთა 31.35% მიემხრო.

ხაშურში, ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ხმების 61.31%-ით გაიმარჯვა. მისმა კონკურენტმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ ხმების 38.69% მიიღო. 

ქუთაისსა და მარტვილში გამართული არჩევნები ფორმალურ ხასიათს ატარებდა, სადაც მმართველ პარტიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები უნდა დაპირისპირებოდნენ. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, თუმცა ისინი საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იყვნენ დაფიქსირებულები. 

საბოლოოდ, ქართული ოცნების კანდიდატებმა ქუთაისშიც და მარტვილშიც გაიმარჯვეს. ქუთაისში გიორგი ჭიღვარიამ, ხმათა 87.55%-ით, დაამარცხა გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც 12.45% მიიღო, მარტვილში კი ალექსანდრე გრიგალავამ, ხმების 93.04%-ით, დაამარცხა მამუკა დანელია, რომელსაც ამომრჩეველთა 6.96% მიემხრო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთადერთი საარჩევნო ოლქია, სადაც მმართველი მერობის კანდიდატი დამარცხდა. მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ხმების 50.11%-ით, მოუგო ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, ბეგლარ სიორიძეს, რომელმაც 49.89% მიიღო. 

ცესკოს თანახმად, მერის არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 33.24%-მა (109 119) მიიღო. ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთში დაფიქსირდა, სადაც საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 56.7% მივიდა. შემდეგ მოდიან ყაზბეგი (52.95%-ით), ბორჯომი (52.89%-ით), მარტვილი (38.49%-ით) და ხაშური (34.66%-ით). ყველაზე დაბალი აქტივობა ქუთაისში დაფიქსირდა, სადაც საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 17.98% მივიდა.

Exit mobile version