Placeholder canvas
ახალი ამბები

ბათუმის პორტი ნატოს სამხედრო ხომალდებს მასპინძლობს


რუმინული საფლაგმანო ხომალდი Regele Ferdinand ბათუმის პორტში, 3 ნოემბერი, 2017. ფოტო: police.ge

ბათუმის პორტი 3-6 ნოემბერს ნატო-ს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო მეორე შენაერთის (SNMCMG2) ოთხ ხომალდს მასპინძლობს.

ხომალდებს, რომელთა შორისაა საფლაგმანო ხომალდი Regele Ferdinand და ნატო-ს საზღვაო შენაერთის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი ხელმძღვანელობს. 

სამხედრო ხომალდები ბათუმის პორტში 6 ნოემბრამდე დარჩებიან, მათი ეკიპაჟები კი ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ბულგარეთის საელჩოსთან ერთად ხომალდების ჯგუფს მასპინძლობს, განაცხადა 3 ნოემბერს, რომ „შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია“.

ეს უკვე SNMCMG2-ის მესამე ვიზიტია საქართველოში: 2013 წელს ბათუმის პორტს სამი ხომალდი, ხოლო 2016 წელს ოთხი ხომალდი სტუმრობდა.

SNMCMG2-ი  ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) შემადგენლობაში შედის, ეს უკანასკნელი კი ნატოს საზღვაო ძალების ცენტრალურ სარდლობას წარმოადგენს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button