ვენეციის კომისიის საბოლოო მოსაზრება საქართველოს კონსტიტუციის პროექტზე

ვენეციის კომისიამ 6-7 ოქტომბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციის პროექტის თაობაზე საბოლოო მოსაზრება მიიღო.

საბოლოო დოკუმენტში ვენეციის კომისია 22 სექტემბრის წინასწარ მოსაზრებაში გაკეთებულ შეფასებებს იმეორებს გარდა ქვემოთ მოცემული ორი პუნქტისა:

ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტზე საკუთარი მოსაზრება 16-17 ივნისს გამოაქვეყნა. თუმცა მოსაზრების მიღებიდან მალევე პროექტის გადასინჯული ვერსია წარედგინა საქართველოს პარლამენტს, რომელმაც ის 23 ივნისს მეორე მოსმენით მიიღო.

მიღებული ვერსიით სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლამდე გადაიდო, ნაცვლად თავდაპირველად შემოთავაზებული 2020 წლისა, რამაც უბიძგა ყველა ოპოზიციურ პარტიას, პრეზიდენტს და არასამთავრობო ორგანიზაციებს კონსტიტუციის პროექტისთვის მხარი არ დაეჭირათ.

საქართველოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიას ხელახალი თხოვნით 6 სექტემბერს მიმართა მას შემდეგ, რაც ოპოზიციასთან საკონსტიტუციო რეფორმაზე დიალოგის განახლებას ამაოდ ეცადა.

21 სექტემბერს, ვენეციის კომისიის მიერ მოსაზრების პროექტის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ბლოკებში გაერთიანების უფლება ერთჯერადად მიეცემათ, ხოლო 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს. ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება და ის მომდევნო საპარლამენტო სესიის ბოლომდე დამტკიცდება, სავარაუდოდ, ახალი კონსტიტუციის ტექსტში ცვლილებების სახით.

Exit mobile version