ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელა

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების გაერთიანებამ „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელა, რომელმაც დედაენის ბაღში შეკრებილ საზოგადოებას თბილისის განვითარების საკუთარი პროგრამა წარუდგინა.

„ჩვენ დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ის ზე-მიზანი, რის გარშემოც შეგვიძლია გავერთიანდეთ – საქართველო მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოთა შორის, ხოლო თბილისი ძლიერ ქალაქთა შორის. აი ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი ვაშაძემ.

თბილისის განვითარების გეგმაზე საუბრისას მან სამი ძირითადი კომპონენტი დაასახელა – უსაფრთხოება და კომფორტი თითოეული მოქალაქისთვის, განათლება და განვითარება, დასაქმება და წარმატება.

მისი აზრით, სრულად უნდა მოხდეს თვითმმართველობის ორგანოების რეორგანიზება და უნდა გაუქმდეს გამგეობები, რომლებიც, მისი თქმით, „ბიუროკრატიული გადმონაშთია“, ხოლო მერია მხოლოდ 50 თანამშრომლით უნდა დაკომპლექტდეს, ასევე უნდა შეიქმნას მუნიციპალური იუსტიციის სახლები, რომლებიც მოემსახურებიან მოსახლეობას.

ოთხმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ – „ახალმა საქართველომ“, „საქართველოს ევროპელმა დემოკრატებმა“, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ და საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ – გაერთიანების შექმნის და 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში ერთიანი ძალებით მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება აგვისტოს დასაწყისში მიიღო.

მანამდე ამ პარტიების წარმომადგენლები სხვა ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებისკენ და მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა მათ ამ ინიციატივას სხვა პარტიებისგან გამოხმაურება არ მოჰყოლია.

გიორგი ვაშაძე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული პარლამენტის წევრი, ასევე იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2016 წელს დააფუძნა პარტია „ახალი საქართველო“.

გიორგი ვაშაძე თბილისი მერობის მერვე კანდიდატია. დედაქალაქის მერის არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატები უკვე წარადგინეს მმართველმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ – კახა კალაძე, ნაციონალურმა მოძრაობამ – ზაალ უდუმაშვილი, ევროპულმა საქართველომ – ელენე ხოშტარია, შენების მოძრაობამ – თენგიზ შერგელაშვილი, პატრიოტთა ალიანსმა – ირმა ინაშვილი, ორ პარტიას დემოკრატიულ მოძრაობას და თავისუფალ საქართველოს წარდგენილი ჰყავთ ერთიანი კანდიდატი – კახა კუკავა და დამოუკიდებელი კანდიდატი – ალექსანდრე ელისაშვილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version