საქართველოს და თურქმენეთის ლიდერები სატრანზიტო თანამშრომლობაზე საუბრობენ


გურბანგული ბერდიმუხამედოვი და გიორგი კვირიკაშვილი, 30 აგვისტო, 2017. ფოტო: gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, 30 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან, გურბანგული ბერდიმუხამედოვთან, და პარლამენტის თავმჯდომარესთან, აკჯა ნურბერდიევასთან, მოლაპარაკებები გამართა. 

ორი ქვეყნის ლიდერებმა სატრანზიტო თანამშრომლობა და ენერგოპროექტები, მათ შორის, აბრეშუმის გზის პროექტში თურქმენეთის მონაწილეობის საკითხი განიხილეს. 

მოლაპარაკებების დაწყებამდე, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში „არსებობს უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი“.

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რეგიონული სატრანსპორტო პროექტების აქტივიზაციით და ვფიქრობ, ეს ორმხრივი ინტერესის საგანია“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის მიზანს „არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება“ წარმოადგენს. 

პრემიერ-მინისტრმა სატრანზიტო პროექტების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „აბრეშუმის გზის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია თურქმენეთის აქტიური მონაწილეობა. ამიტომ ვფიქრობ, ეს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ. ჩვენ შევძლებთ, მივაღწიოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაცილებით მაღალ ხარისხს", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სატრანზიტო თანამშრომლობის შესახებ თურქმენეთის პრეზიდენტმაც ისაუბრა. „არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და სატრანზიტო დერეფნის განვითარების პოტენციალი, რაც ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ბერდიმუხამედოვმა. 

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კვლავ შეეხო სატრანზიტო თანამშრომლობის საკითხებს და აღნიშნა, რომ მხარეებმა განიხილეს ინიციატივა თურქმენეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-რუმინეთის მონაწილეობით სატრანსპორტო კორიდორის შექმნის შესახებ, ასევე – თურქმენეთის აქტიური მონაწილეობა აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებაში.

„ჩვენ შევთავაზეთ მათ მონაწილეობა ჩვენი ადგილობრივი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის პროექტებში, რაზეც გამოითქვა დიდი ინტერესი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „რა თქმა უნდა, ასევე საინტერესოა ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტები, რაზეც ვფიქრობთ, ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს“. 

„შევეხეთ ყველა საკითხს, მაგრამ დღეს კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ რეგიონის ქვეყნებთან და ევროკავშირთან იმისათვის, რომ უფრო მეტად გამოვიყენოთ ორ ზღვას [შავი და კასპიის ზღვები] შორის ურთიერთობის სატრანზიტო პოტენციალი“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

გიორგი კვირიკაშვილს თურქმენეთში ახლავს დელეგაცია, რომელშიც ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკის მინისტრი, გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინიტრი, ილია ელოშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია, საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, თედო ჯაფარიძე და ენერგეტიკის საკითხებში მრჩეველი, გოგი ვაშაყმაძე, შედიან. 

ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების კუთხით, თურქმენეთი ლიდერობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და თურქმენეთ შორის სავაჭრო ბრუნვამ 2016 წელს 85.7 მილიონი აშშ დოლარს მიაღწია, საიდანაც საქართველოდან ექსპორტი 10.3 მილიონ აშშ დოლარს (2015 წელს 16 მილიონი) შედგენს, იმპორტმა კი 75.4 მილიონ აშშ დოლარი (2015 წელს 112 მილიონი) შეადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version