ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარს ებრძვიან


ხანძარი აბასთუმნის ტყეში, 29 აგვისტო, 2017. ფოტო: შსს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი, ასევე ადგილობრივი მოხალისეები ებრძვიან ხანძარს, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის ტყეში 29 აგვისტოს გაჩნდა. 

ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი 5–7 ჰექტარ ტყის ფართობს მოედო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მობილიზებულია ცოცხალი ძალა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის კერამდე მისასვლელად, 5 კილომეტრამდე გზა გაიჭრა. დილიდან მუშაობა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა განაახლა. აბასთუმანში, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის, ხელმძვანელობით, საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბი მუშაობს.  


საგანგებო სიტუაციების საველე შტაბი, 30 აგვისტო, 2017. ფოტო: შსს

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, საქართველოსთან ერთად, უკრაინა, თურქეთი და აზერბაჯა ერთვებიან.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, საქართველოსთვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო. AN-32P მოდელის თვითმფრინავი, რომელსაც 8 ტონა წყლის გადატანა შეუძლია, ოდესიდან ბათუმში უნდა ჩაფრინდეს, საიდანაც გეზს სტიქიის ზონისკენ აიღებს. 

ხანძართან საბრძოლველად, ორი ვერტმფრენი და თვითმფრინავი გამოყო თურქეთმა. სამაშველო ვერტმფრენი აზერბაიჯანმაც გამოგზავნა.

ამასთან, თურქეთი და აზერბაიჯანი ბოლო ერთი თვის მანძილზე საქართველოში გაჩენილი ხანძრის კერების ჩაქრობაში უკვე მეორედ მონაწილეობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აგვისტოს თვეში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 20-ზე მეტი ხანძარი მოხდა. განსაკუთრებით მასშტაბური იყო გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობაში და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრები, რომელთა ჩასაქრობადაც საქართველოს პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გამოყენების ბრძანებაც გასცა.

ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოს გაჩენილმა ხანძარმა 100 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი გაანადგურა. ხანძრის ლიკვიდაცია, რომლის შესახებაც საქართველოს მთავრობამ 26 აგვისტოს გამოაცხადა, შესაძლებელი გახდა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთისა და ბელორუსის მაშველების, სახანძრო მანქანებისა და ავიაციის გამოყენებით.

Exit mobile version